ბოლო ორი კვირის განმავლობაში პარტია "იაბლოკომ" გაწევრიანების რვა ათასი განაცხადი მიიღო.
ამის შესახებ მედია "ბერეგთან" ინტერვიუში "იაბლოკოს" მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელმა კირილ გონჩაროვმა განაცხადა.
რა თქვა: გონჩაროვის თქმით, ამჟამად პარტიაში სულ დაახლოებით ოთხი ათასი წევრი ირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურად პარტია შესაძლოა სამჯერ გაიზარდოს.
- პარტიაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობის ზრდა სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან "იაბლოკოს" მოხსნის ფონზე მოხდა.
- "ვგრძნობთ, რომ ახლა ბევრი დემოტივირებული და იმედგაცრუებულია ჩვენი მოხსნით. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ადამიანებს გაამხნევებს, თანამოაზრეთა წრეში ყოფნის გაგრძელებაა. ამას ექნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფსიქოთერაპიული ეფექტიც". - აღნიშნა გონჩაროვმა.
- მან ასევე აღნიშნა, რომ განაცხადების საერთო რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება და "იაბლოკოს" კანდიდატები რეგიონული პარლამენტების არჩევნებში კვლავ მონაწილეობენ.
კონტექსტი: 10 აგვისტოს რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით "იაბლოკოს" ფედერალური სია სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნეს.
- ფორმალური საბაბი პარტია "როდინას" სარჩელი გახდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარტია აგიტაციაში საავტორო უფლებებს არღვევდა და "ექსტრემისტული" ლოზუნგებით გამოდიოდა. ერთი კვირის შემდეგ სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაზე "იაბლოკოს" იურისტების საჩივარი არ დააკმაყოფილა.
- პირველ სხდომამდე უზენაესი სასამართლოს შენობასთან "იაბლოკოს" ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. მოგვიანებით, პოლიციამ აქციის ზოგიერთ მონაწილეს არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობის შესახებ გაფრთხილებები გაუგზავნა.
- 17 აგვისტოს, როდესაც სააპელაციო საჩივარი განიხილებოდა, სასამართლოს შენობასთან სულ მცირე 50 ადამიანი დააკავეს. უმრავლესობა მოგვიანებით პოლიციის განყოფილებიდან ოქმის გარეშე გაათავისუფლეს, მათგან მინიმუმ სამს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.