ახალი ამბები

13:50 | 13 აგვისტო, 2026 — რუსეთი

იაპონიამ კურილიის კუნძულებზე პუტინის ვიზიტი გააკრიტიკა

იაპონიის ხელისუფლებამ მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი კურილიის კუნძულებზე.

ვითარების არსი: "ჩრდილოეთი ტერიტორიები, მათ შორის იტურუპი, როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, იაპონიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და იაპონიის მთავრობა მკაცრად აპროტესტებს ამ ვიზიტს," - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოსიმიცუ მოტეგიმა 13 აგვისტოს.

  • იმავე დღეს, კრემლმა კუნძულ იტურუპზე პუტინის ვიზიტის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.
  • მან მოინახულა თევზის გადამამუშავებელი კომბინატი, კურილიის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო და სკოლა, ასევე შეხვდა სახალინის ოლქის გუბერნატორს, ვალერი ლიმარენკოს.

სტრიქონებს შორის: ეს იყო პუტინის პირველი ვიზიტი კურილიის კუნძულებზე, რომელიც იაპონიასთან სადავოა - ტოკიო მათ უკანონოდ ოკუპირებულად მიიჩნევს და "ჩრდილოეთ ტერიტორიებს" უწოდებს.

  • 2010 წელს კუნძულებს დმიტრი მედვედევი ეწვია, რომელსაც იმ დროს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
  • მოგვიანებით, მედვედევი პრემიერ-მინისტრის რანგშიც რამდენჯერმე ეწვია კურილიის კუნძულებს.

დიდი სურათი: საბჭოთა კავშირმა სამხრეთ კურილიის კუნძულები - კუნაშირი, შიკოტანი, იტურუპი და ჰაბომაი (დაუსახლებელი მცირე კუნძულების ჯგუფი) - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიერთა.

  • 1956 წელს საბჭოთა კავშირმა იაპონიასთან ხელი მოაწერა სამშვიდობო დეკლარაციას, სადაც პირობა დადო, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ იაპონიას შიკოტანსა და ჰაბომაის დაუბრუნებდა.
  • შემდგომ წლებში იაპონიის ხელისუფლებამ ოთხივე კუნძულის ერთდროულად დაბრუნება მოითხოვა, რის გამოც სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აცხადებდა მზადყოფნას, მოლაპარაკებები 1956 წლის დეკლარაციის საფუძველზე ეწარმოებინა, თუმცა ხაზს უსვამდა, რომ სამხრეთ კურილიის კუნძულებზე რუსეთის სუვერენიტეტი განხილვის საგანი ვერ გახდებოდა.
  • მას შემდეგ, რაც იაპონია შეუერთდა დასავლეთის სანქციებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესდა, მოსკოვმა ტოკიოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებზე უარი თქვა. გარდა ამისა, რუსეთმა იაპონელებს უვიზო მიმოსვლა გაუუქმა კურილიის კუნძულებზე, დატოვა კუნძულებზე ერთობლივი სამეურნეო საქმიანობის დიალოგი და იაპონია "არამეგობრული" ქვეყნების სიაში შეიყვანა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე