ესტონეთის ექს-პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მობილიზაციის ზღვარზეა, რის გამოც აგვისტოში ყაზახეთს და, შესაძლოა, საქართველოსა და აზერბაიჯანსაც საზღვრების ჩაკეტვას სთხოვს.
„შავი აგვისტო მალე დადგება“, - წერს ილვესი.
ვითარების არსი: ილვესის თანახმად, ამ ყველაფრის შედეგად, რუსეთის დატოვება საჭირო პერიოდში გახდება უკიდურესად რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელი.
რას ამბობს: „წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კრემლმა გამართა დახურული კონსულტაციები რამდენიმე მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან (პირველ რიგში ყაზახეთთან, ნაკლებად - საქართველოსთან, შესაძლოა აზერბაიჯანთან და სხვებთან) 2026 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან შესვლის/გასვლის დროებით ჩაკეტვასთან დაკავშირებით“, - წერს ყოფილი პრეზიდენტი.
- ილვესის მიხედვით, თავად რუსეთი საზღვარს არ ჩაკეტავს და, ოფიციალურად, ყველაფერი ღია დარჩება: „ჩაკეტავენ მეზობელი ქვეყნები თავიანთ მხარეს: „ტექნიკური პრობლემები“, „გაძლიერებული კონტროლი“, „სწავლებები“ ან „სანიტარიული ზომები“.
- შედეგად, რუსეთის დატოვება საჭირო პერიოდში გახდება უკიდურესად რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელი“.
- ყოფილი პრეზიდენტის თანახმად, ამ მომენტისთვის ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა, „თუმცა სასაზღვრო რეგიონებში ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა რამდენიმე კონტაქტმა დაიწყო მინიშნება ლოგისტიკაში „არასასიამოვნო სიურპრიზებზე“ უკვე სექტემბერ-ოქტომბრიდან“.
კონტექსტი: სექტემბერში რუსეთში მოსალოდნელ ახალ მობილიზაციაზე აქტიურად მიდის საუბრები რუსულ გამოცემებსა და ანალიტიკურ წრეებშიც.
- უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია უკრაინის ფრონტზე რუსეთის ფედერაციის წარუმატებლობითა და მასიური დანაკარგებით.
- დამოუკიდებელი გამოცემების, „ვაჟნიე ისტორიისა“ და „ვერსტკას“ კვლევის თანახმად, გაზრდილი დანაკარგების ფონზე, რუსული ჯარი ცოცხალი ძალით შევსებას ვერ ახერხებს.
- მათი მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში კონტრაქტით აყვანილთა რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით განახევრდა.
ფრონტზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის დიდი დანაკარგების შესახებ დეტალები იხილეთ ჩვენს ვიდეოში.