ახალი ამბები

11:55 | 14 ივლისი, 2026 — ირანი

ირანის ყოფილი პრეზიდენტი "მოსადთან" კავშირს უარყოფს

ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა უარყო The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ისრაელის სადაზვერვო სააგენტო "მოსადი" მის გადაბირებას ცდილობდა და რომ იგი ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.

ვითარების არსი: მან ამ ცნობას "სრულიად მცდარი" უწოდა.

  • საკუთარ განცხადებაში აჰმადინეჯადის ოფისმა გაზეთი გამოგონილი ცნობების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ირანში შიდა განხეთქილების გაღვივებას.
  • ოფისმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჰმადინეჯადი შინაპატიმრობაში იმყოფება და აღნიშნა, რომ ეს ამბავი შეთხზულია გაზეთის "აბსურდული" მტკიცებების გასამყარებლად.
  • "ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ The New York Times-ის მიერ გავრცელებულ ყველა სრულიად მცდარ ბრალდებას," - ნათქვამია განცხადებაში.

სტრიქონებს შორის: ორშაბათს The New York Times წერდა, რომ "მოსადი" ბოლო წლებში ცდილობდა აჰმადინეჯადი დაერწმუნებინა ისრაელთან თანამშრომლობაზე და მას ირანის ლიდერობის პოტენციურ კანდიდატად განიხილავდა. 

  • ამ კამპანიის ნაწილი იყო ბუდაპეშტში მაჰმუდ აჰმადინეჯადისა და "მოსადის" ყოფილი უფროსის, დევიდ ბარნეას შეხვედრა.
  • გამოცემის ცნობით, თებერვალში, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის პირველ დღეს, ყოფილი პრეზიდენტის შინაპატიმრობიდან დასახსნელად მისი მცველები დაბომბეს.
  • გარდა ამისა, The New York Times წერს, რომ 28 თებერვლის პირველი საჰაერო დარტყმების შემდეგ, როდესაც უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს, "მოსადის" თანამშრომლების მიერ მართულმა ავტომობილმა ყოფილი პრეზიდენტი საიდუმლოდ გადაიყვანა უსაფრთხო თავშესაფარში.
  • თუმცა, აჰმადინეჯადმა უსაფრთხო თავშესაფარი მას შემდეგ დატოვა, რაც ისრაელის გეგმის მიმართ სკეპტიციზმი გაუჩნდა.  

მაჰმუდ აჰმადინეჯადი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე, 2026 წლის 6 ივლისი

დიდი სურათი: გამოცემა წერს, რომ აჰმადინეჯადის ამჟამინდელი სტატუსი გაურკვეველია. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომი დაიწყო, იგი პირველად საჯაროდ მოკლული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვაზე გამოჩნდა - ხანმოკლე დროით, დაცვის წევრების გარემოცვაში, ნიღბით.

  • NYT წერს, რომ იგი ისრაელის დაზვერვასთან კავშირის გამო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პატიმრობაში იმყოფება.
  • გამოცემა Haaretz-ის თანახმად, "მოსადის" გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, დროებით შეფერხდა 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმისა და ღაზაში ომის გამო. თუმცა, როდესაც ღაზაში ომმა პიკს მიაღწია, გეგმა დაჩქარდა და ბარნეა პირადად ხელმძღვანელობდა აჰმადინეჯადის ირანის სათავეში მოყვანის მცდელობებს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე