ახალი ამბები

16:00 | 28 ივლისი, 2026 — ირანი

ირანში საპროტესტო აქციების ორი მონაწილე საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით

ირანის სასამართლო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, რომლებსაც ბრალი ედებოდათ იანვარში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებულ დანაშაულებში.  

ვითარების არსი: მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯა საჯარო მოედანზე აღსრულდა.

  • "აბოლფაზლ სეპაჰისა და ამირ-ჰოსეინ საფარის სიკვდილით დასჯის განაჩენი ამ დილით აღსრულდა," - წერს სასამართლო ხელისუფლების ვებგვერდი Mizan.
  • სააგენტო Mehr კი იუწყება, რომ ისინი ხალხის თანდასწრებით, ცენტრალურ ისფაჰანის პროვინციაში მდებარე ქალაქ მალექშაჰრის მოედანზე ჩამოახრჩეს.
  • Mizan-ის ცნობით, ორივე მოქალაქეს ბრალად ედებოდა 8 იანვარს "პოლიციელებზე მაჩეტეებითა და დანებით თავდასხმაში, მათ საგზაო ნიშნებზე დაბმაში, მიწაზე თრევაში, ბენზინის გადასხმასა და ცეცხლის წაკიდებაში“.

სტრიქონებს შორის: ამირჰოსეინ საფარი და აბოლფაზლ სეპაჰი იმ 12 ახალგაზრდას შორის იყვნენ, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯათ საქმეზე, რომელიც "ალიხანის მოედნის საქმის" სახელით გახდა ცნობილი.

  • ირანის ხელისუფლება ბრალდებულებს უსაფრთხოების სამსახურის ოთხი თანამშრომლის მკვლელობაში, ასევე ცეცხლის წაკიდებასა და ვანდალიზმში ადანაშაულებს.
  • უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და გაეროს ექსპერტებმა ეჭვქვეშ დააყენეს სასამართლო პროცესების სამართლიანობა და ხაზი გაუსვეს წამების შედეგად მოპოვებულ აღიარებით ჩვენებებს, ასევე დახურულ სასამართლო პროცესებს.

დიდი სურათი: 2025 წლის დეკემბერში, ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო, რისი მიზეზიც ეკონომიკური კრიზისი, მძიმე სოციალური პირობები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იყო.

  • ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად ინტერნეტის მასშტაბური გათიშვა და სასტიკი ძალისმიერი მეთოდები გამოიყენა, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის პირდაპირი გამოყენება.
  • სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ირანის ისლამურმა რეჟიმმა აქციების დროს 12-დან 50 ათასამდე მოქალაქე მოკლა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე