დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:05 | 02 ოქტომბერი, 2026 — აშშ

ირანთან ჩიხში შესული მოლაპარაკებები: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს გზავნის

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში საუდის არაბეთსა და კატარში, ნავთობისა და გაზის ობიექტების დასაცავად, "Patriot"-ის ანტისარაკეტო სისტემის ორი დამატებითი ბატარეა გაგზავნა.

ამასთანავე, რეგიონისკენ მიემართება ახალი საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება და ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფი, რომელზეც საზღვაო ქვეითთა მე-13 საექსპედიციო ქვედანაყოფია განთავსებული.

ინფორმაციას Axios და Financial Times ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: Axios-ის თანახმად, ამერიკას სურს ორივე მოკავშირე დაარწმუნოს, რომ დაიცავს მათ საკვანძო ენერგეტიკულ ობიექტებს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ტრამპი ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს.

  • ხუთშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში დაბომბვების კამპანიის განახლებას განიხილავს.
  • "ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღო: ან ირანი მოაწერს ხელს შეთანხმებას, ან ის აღარ იარსებებს", - აღნიშნა მან.

წინარე მოვლენები: მასალის თანახმად, აგვისტოს დასაწყისში, როდესაც ტრამპი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშს განიხილავდა, საუდის არაბეთისა და კატარის ლიდერებმა ეს გადააფიქრებინეს.

  • მათ გამოხატეს სერიოზული შეშფოთება, რომ საპასუხოდ, ირანი მათ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ობიექტებს დაარტყამდა.
  • გამოცემის თანახმად, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ტრამპმა თავდასხმაზე უარი თქვა და სანაცვლოდ, ეკონომიკური ზეწოლის კამპანიაზე გადაერთო.

ფარული მოქმედებები: გასულ თვეში აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა "Patriot"-ის ერთი ბატარეა საუდის არაბეთში, საკვანძო ნავთობობიექტის დასაცავად გაგზავნა, ხოლო მეორე ბატარეა კატარში - ბუნებრივი აირის ობიექტის დასაცავად.

  • ამასთანავე, გამოცემა იტყობინება, რომ მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, ამერიკას დასჭირდება საუდის არაბეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცეს.
  • თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა საუდელებმა ეს ნებართვა გასცენ, თუ იგრძნობენ, რომ მათი ობიექტები დაცული არ არის.

რეალობა: ირანში ომის დაწყების შემდეგ, "Patriot"-ის ბატარეები და, განსაკუთრებით, მათი ანტიბალისტიკური რაკეტები, ძალიან მოთხოვნადი გახდა.

  • აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ბატარეები და რაკეტები ახლო აღმოსავლეთში სხვა რეგიონული სარდლობებიდან გადაისროლა, რამაც მსოფლიოს სხვა ნაწილებში საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია.

USS Theodore Roosevelt-ის ავიამზიდი.

ომის შესაძლო განახლების მოლოდინში, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 7 საბრძოლო ხომალდსა და 9 000-მდე სამხედროს გზავნის.

  • კვირას, სან-დიეგოს პორტიდან რეგიონისკენ გეზი აიღო USS Theodore Roosevelt-ის საავიამზიდო დამრტყმელმა დაჯგუფებამ და მისმა თანმხლებმა სამმა საესკადრო ნაღმოსანმა (გამანადგურებელმა).
  • მას ორშაბათს Makin Island-ის ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფიც მიჰყვა, რომელიც 3 ხომალდსა და საზღვაო ქვეითთა მე-13 საექსპედიციო დანაყოფს (4,200 საზღვაო ქვეითი და მეზღვაური) აერთიანებს.

USS Makin Island-ის უნივერსალური სადესანტო ხომალდი.

  • მოსალოდნელია, რომ დამატებითი ძალები რეგიონში ნოემბრის მეორე ნახევარში ჩავლენ.
  • ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ახალი ავიამზიდი ჩაანაცვლებს თუ დაემატება რეგიონში უკვე დისლოცირებულ ორ საავიამზიდო დამრტყმელ დაჯგუფებას - USS George H.W. Bush-სა და USS George Washington-ს.
  • თუ Roosevelt-ი მათ შეუერთდება, ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის სამი დამრტყმელი ჯგუფი მოიყრის თავს, რაც გაცილებით დიდ საცეცხლე ძალას ნიშნავს.
  • ამჟამად აშშ-ის შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში სტაბილურად ინარჩუნებს 50,000-ზე მეტ სამხედროსა და 20-მდე საბრძოლო ხომალდს.

კონტექსტი: მასშტაბური სამხედრო გადასროლა ირანთან ჩიხში შესულ მოლაპარაკებებს უკავშირდება.

  • როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, თუ თეირანთან დამაკმაყოფილებელი შეთანხმება ვერ მიიღწევა, ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანზე სამხედრო იერიშების განახლება შესაძლებელია.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე