ისრაელის საპარლამენტო არჩევნებიდან სამი კვირის შემდეგ, ოპოზიციამ ქნესეთის ახალ თავმჯდომარედ გადი აიზენკოტის პარტია "იაშარის" ერთ-ერთი ლიდერი, მატან კაჰანა აირჩიეს. 17 ნოემბერს, ქნესეთის სხდომაზე კაჰანას მხარი 120-დან 66-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ვითარების არსი: 2026 წლის არჩევნებში ნეთანიაჰუს დამარცხების შემდეგ, ახალი მთავრობის ფორმირების მანდატი ოპოზიციის ლიდერმა გადი აიზენკოტმა მიიღო.
- კაჰანამ შეცვალა ამირ ოჰანა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე-კონსერვატიულ პარტია "ლიკუდს" წარმოადგენს. ოპოზიციური ბანაკი იმედოვნებს, რომ თავმჯდომარის შეცვლა მას საპარლამენტო პროცედურებზე მეტი გავლენის მოპოვების საშუალებას მისცემს.
- ოპოზიციის მიზანია იმ სადავო სასამართლო რეფორმის საკვანძო ელემენტების გაუქმება, რომელსაც ნეთანიაჰუს მთავრობა 2023 წლის დასაწყისიდან ატარებდა.
- ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა მანამდე კაჰანა გააფრთხილა, არ დაეკავებინა თანამდებობა, როგორც მან თქვა, "ისრაელის მტრების ხმების" მხარდაჭერით. ამით მან არაბულ პარტიებზე მიანიშნა.
სტრიქონებს შორის: თავის მხრივ, კაჰანამ სმოტრიჩს მოუწოდა, პატივი სცეს დემოკრატიულ პროცესსა და მის შედეგებს. არაბულმა პარტიებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარი მის კანდიდატურას დაუჭირეს. ნეთანიაჰუს ბანაკის ზოგიერთმა დეპუტატმა ამაზე შეძახილებით - "სირცხვილია" - მოახდინა რეაგირება.
- ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" ქნესეთის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატი ოფირ კაცი წარადგინა, თუმცა მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.
- თავის დროზე კაჰანა ელიტარულ ქვედანაყოფ "საიერეთ მატკალში" მსახურობდა, შემდეგ კი 24 წლის განმავლობაში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტი იყო და პოლკოვნიკის წოდებას მიაღწია.
დიდი სურათი: 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. სიონისტურმა ოპოზიციურმა და არაბულმა პარტიებმა ჯამში 67 მანდატი მიიღეს.
- ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მთავრობის ფორმირება გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გადი აიზენკოტს დაავალა. ამისთვის მას დრო 6 დეკემბრამდე აქვს. საჭიროების შემთხვევაში, ვადა შესაძლოა კიდევ 14 დღით გახანგრძლივდეს.
- ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი კოალიციის შექმნას. პოლიტიკურ ბანაკებს შორის და მათ შიგნით სერიოზული უთანხმოებები და მრავალი "წითელი ხაზი" არსებობს, რაც კომპრომისების მიღწევას ართულებს. აიზენკოტი არჩევნებამდე ულტრაორთოდოქსებისა და არაბების პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავდა, თუმცა მათ გარეშე უმრავლესობის ფორმირება შეუძლებელია.