დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

15:51 | 24 სექტემბერი, 2026 — ისრაელი

ისრაელის საარჩევნო კომისიამ ორი არაბული პარტიის დისკვალიფიკაციას მხარი დაუჭირა

ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის არჩევნებიდან არაბული პარტიების გაერთიანებული სიის (ბალადი, ჰადაში, თაალი - რედ.) და პარტია "რაამის" დისკვალიფიკაციას მხარი დაუჭირა.

ვითარების არსი: გადაწყვეტილება ისრაელის უზენაესმა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, რომელიც ტრადიციულად ცესკოს ასეთ გადაწყვეტილებებს აუქმებს.  

  • ამავდროულად, კომისიამ 30 ხმით 4-ის წინააღმდეგ ისრაელში მცხოვრები პალესტინელების პარტია "ბალადის" თავმჯდომარეს, სამი აბუ შეჰადეს ინდივიდუალურად გაუკეთა დისკვალიფიკაცია.
  • ამ ნაბიჯს მხარი სიონისტურმა ოპოზიციამ, გენერალურმა პროკურორმა გალი ბაჰარავ-მიარამ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნოამ სოლბერგმაც დაუჭირეს.

სტრიქონებს შორის: საარჩევნო კომისიის კენჭისყრა პარტია "რაამისა" და 3 არაბული პარტიის გაერთიანებული სიის წინააღმდეგ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდის" მოთხოვნით ჩატარდა. გაერთიანებული სიის დისკვალიფიკაციას მხარი 18-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 5 წინააღმდეგი იყო.  

  • კომისიამ ასევე 18:5-ზე მხარი დაუჭირა ისრაელში მცხოვრები ბედუინების ინტერესების დამცველი პარტიის, "რაამის" დისკვალიფიკაციას. გენერალური პროკურორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "რაამის" წინააღმდეგ საკმარისი საფუძველი არ არსებობდა, რადგან პარტიის ლიდერი მანსურ აბასი აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს ებრაულ ხასიათს.
  • არაბული პარტიების გაერთიანებულმა სიამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მილიონზე მეტ არაბ ამომრჩეველს საარჩევნო უფლებას ართმევს და იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლო მას გააუქმებს.
  • "ბალადის" ლიდერის, აბუ შეჰადეს დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდა 2023 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია, სადაც მან "ჰამასის" ტერორისტულ თავდასხმას "მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა" უწოდა.
  • მოსამართლე სოლბერგმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და აღნიშნა, რომ აბუ შეჰადემ ბრალდებებს დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. პეტიციას მხარი დაუჭირა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და გენერალურმა პროკურორმაც, რაც ზრდის შანსს, რომ უზენაესმა სასამართლომ ეს კონკრეტული აკრძალვა ძალაში დატოვოს.

დიდი სურათი: 2026 წლის 27 ოქტომბერს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ეს არის პირველი არჩევნები ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული არაპოპულარული სასამართლო რეფორმისა და 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის შემდეგ.

  • საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ისრაელის ოპოზიციურ პარტიებს მოქმედ კოალიციაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო 61 მანდატი არცერთ მხარეს არ აქვს, რადგან 10-ზე მეტი მანდატი აქვთ არაბულ პარტიებს, რომელებთანაც კოალიციის შექმნა სიონისტურ ოპოზიციურ პარტიებს არ სურთ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე