ახალი ამბები

17:55 | 29 ივნისი, 2026 — ისრაელი

ისრაელმა სომეხთა გენოციდი აღიარა, აზერბაიჯანი თელ-ავივს აკრიტიკებს

ისრაელის მთავრობამ, საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის რეზოლუციის საფუძველზე, ოფიციალურად აღიარა სომეხთა გენოციდი.

თელ-ავივის ამ გადაწყვეტილებას ბაქოს მყისიერი და მკაცრი პროტესტი მოჰყვა.

ვითარების არსი: „სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არის გვიან“, - განაცხადა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კენჭისყრის შემდეგ.

  • საარმა აღნიშნა, რომ 100 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარ საშინელ გენოციდზე რეალური ისტორიული დავა არ არსებობს და მას 1.5 მილიონი ადამიანის მკვლელობა და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურება მოჰყვა.

აზერბაიჯანის პასუხი: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო და მას „სერიოზული შეშფოთების საგანი“ უწოდა.

  • აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, 1915 წლის მოვლენების ირგვლივ ისტორიული ფაქტების დამახინჯება და რთული ისტორიული საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე დაყვანა, ყოველგვარი მყარი სამართლებრივი თუ სამეცნიერო საფუძვლის გარეშე, მიუღებელია.

  • ბაქოში მიიჩნევენ, რომ ისრაელის ეს ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქვეყნებს შორის შერიგებასა და ურთიერთგაგებას, პირიქით, აღრმავებს განხეთქილებას და ძირს უთხრის ხანგრძლივ მშვიდობას.

  • აზერბაიჯანის მთავრობამ ისრაელს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.

კონტექსტი: თურქეთი დღემდე კატეგორიულად უარყოფს, რომ სომეხთა მასობრივი მკვლელობები, დაპატიმრებები და იძულებითი დეპორტაცია გენოციდს წარმოადგენდა.

  • სწორედ ამ დიპლომატიური სენსიტიურობის გამო, ისრაელი წლების განმავლობაში თავს იკავებდა ამ ფაქტის ოფიციალური აღიარებისგან.
  • 2026 წლის მონაცემებით, სომეხთა გენოციდი გაეროს 32-მა წევრმა სახელმწიფომ აღიარა, მათ შორის აშშ-მა, კანადამ, რუსეთმა, სადრანგეთმა და გერმანიამ. ფაქტი ოფიციალურად აქვთ აღიარებული ვატიკანსა და ევროპარლამენტსაც.


ასევე ნახე