9 ივლისს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გააძევოს რომში რუსეთის საელჩოს ორი სამხედრო ატაშე, რომლებიც მოსკოვის სასარგებლოდ შპიონაჟში არიან ბრალდებული.
ვითარების არსი: იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა რომში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ ატაშეებმა - ივან გორბაჩოვმა და მიხაილ ასტახოვმა - იტალია 3 დღის ვადაში უნდა დატოვონ.
- მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გააძევოს რუსეთის ფედერაციის საელჩოს ორი სამხედრო ატაშე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ შპიონაჟზე, რაც რომის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლინდა.
- "მოსკოვი აგრძელებს თავისი ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებას დასავლეთსა და იტალიაზე თავდასხმისთვის. ეს არის სერიოზული და მიუღებელი ჩარევა იტალიური ინსტიტუტების საქმიანობასა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში," - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სტრიქონებს შორის: ატაშეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ რომში რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით სადაზვერვო სამსახურების ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
- ვარაუდობენ, რომ ისინი საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ რუსეთის დაზვერვის სავარაუდო აგენტს, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს.
დიდი სურათი: გასულ კვირას შვედეთში აგენტურული საქმიანობის ბრალდებით ორი ადამიანი - ჩინეთისა და მალაიზიის მოქალაქეები დააკავეს, 35 წლის ჩინეთის მოქალაქე და 22 წლის მალაიზიის მოქალაქე.
- "ეჭვები არსებობს შვედეთის წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ არალეგალურ სადაზვერვო საქმიანობაზე," - განაცხადა შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SÄPO) წარმომადგენელმა, გაბრიელ ვერნსტედტმა.
- დაკავების ორდერის მონაცემებით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები 26 ივნისიდან 1 ივლისამდე პერიოდში მიმდინარეობდა. კონკრეტულად რას საქმიანობდნენ ეჭვმიტანილები, არ აზუსტებენ.
- ასევე, ამ კვირაში პოლონეთში ბელარუსის სასარგებლოდ შპიონაჟის ეჭვით ორი ადამიანი დააკავეს.