ახალი ამბები

14:29 | 14 აგვისტო, 2026 — რუსეთი

ივლისში უკრაინაში ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2022 წლის მაისის შემდეგ - გაერო

გაეროს განცხადებით, ხუთშაბათს, უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმების ინტენსიფიკაციის ფონზე, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ყოველთვიურმა მაჩვენებელმა ივლისში პიკს მიაღწია რუსეთის შეჭრის პირველი თვეების შემდეგ.

ვითარების არსი: უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თვის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა, Patriot-ის რაკეტების დეიციტის გამო კი, უკრაინა ბალისტიკური რაკეტების უდიდეს ნაწილს ვერ აგდებს.

  • "ივლისში უკრაინაში სულ მცირე 437 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2,610 დაშავდა, რაც წინა თვესთან შედარებით 30%-იან, ხოლო 2025 წლის ივლისთან შედარებით 70%-იან ზრდას წარმოადგენს," - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის განცხადებაში.
  • "დაღუპულთა ეს რაოდენობა ყველაზე მაღალია 2022 წლის მაისის შემდეგ," - ხაზი გაუსვეს მისიაში.

სტრიქონებს შორის: 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა - უმეტესად ჯარისკაცები ორივე მხრიდან.

  • კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლისმღვრელ დაპირისპირებად იქცა.
  • გაეროს ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ დადასტურებულია 16 874 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ციფრი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რეალობას, ვინაიდან შეუძლებელია მსხვერპლის რაოდენობის დადასტურება უკრაინის იმ ნაწილებში, რომლებიც რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული.
  • ეს მოიცავს მარიუპოლსაც - საპორტო ქალაქს, რომელსაც რუსეთმა ომის დასაწყისში ალყა შემოარტყა და სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.

დიდი სურათი: გაეროს ცნობით, ივლისის თვეში კიევში - "ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქში" - სულ მცირე 54 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

  • ომის პირველ წლებში დედაქალაქი შედარებით კარგად იყო დაცული, თუმცა საჰაერო თავდაცვის რაკეტების ნაკლებობის გამო კიევში მსხვერპლი მკვეთრად არის გაზრდილი.

კონტექსტი: უკრაინის ხელისუფლება უკვე თვეებია საუბრობს Patriot-ის საჰერო თავდაცვის სისტემის რაკეტების დეფიციტზე.

  • 29 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ანტიბალისტიკური რაკეტები სთხოვა, რათა ქვეყანამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსული იერიშების მოგერიება შეძლოს.
  • ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპი უკრაინას დაპირდა, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემდა, თუმცა 31 ივლისს განაცხადა, რომ "დარწმუნებული არ არის," მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე