14:43 | 14 ივლისი, 2026 — რუსეთი
კიევის საპასუხოდ რუსეთმა უკრაინის პორტებსა და გემებზე იერიშები გააძლიერა
რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტებზე იერიშები გააძლიერა და კვირიდან მოყოლებული, ყოველდღიურად აცხადებს უკრაინული გემების დაბომბვის შესახებ.
რუსი სამხედრო „Z-ბლოგერების“ შეფასებით, მოსკოვმა ტაქტიკა შეცვალა: თუ ადრე სავაჭრო გემები შემთხვევით ზიანდებოდნენ პორტებზე თავდასხმისას, ახლა ისინი პირდაპირ სამიზნეებად იქცნენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტი ფორუმზე „ყველაფერი გამარჯვებისთვის!“ სიტყვით გამოსვლისას უკრაინას „რამდენჯერმე უფრო ძლიერი, სარკისებური დარტყმებით“ დაემუქრა.
- „ჩვენი პასუხი ყოველთვის სარკისებური იქნება. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სადაც არ უნდა სცადონ დარტყმების მიყენება, ჩვენ ვუპასუხებთ სარკისებურად, ოღონდ რამდენჯერმე უფრო ძლიერად“, -განაცხადა პუტინმა.
- პუტინმა ასევე აღიარა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმებმა ქვეყანას „გარკვეული პრობლემები შეუქმნა“, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია გამოსწორდება.
- გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ყირიმის საწვავით მომარაგების ალტერნატიულ სისტემაზე, „რომლამდე მიღწევაც მოწინააღმდეგისთვის ძალიან რთული იქნება“.
დეტალურად: სამშაბათს რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ოდესის ოლქის პორტებზე დარტყმისას, პორტ „იუჟნიში“ მდგარ მშრალტვირთმზიდსა და ჩერნომორსკიდან ოდესისკენ მიმავალ ტანკერს დაარტყეს.
- კვირა-ორშაბათის იერიშები: პორტ ჩერნომორსკში რუსებმა დაბომბეს ორი სამგზავრო ბორანი, კონტეინერმზიდი, დამხმარე გემი, მცურავი დოკი, მშრალტვირთმზიდი, საპატრულო კატარღა და სეინერი. რუსული მხარის მტკიცებით, ეს გემები სამხედრო ტვირთებისა და საწვავის შესანახად გამოიყენებოდა.
- ახალი ტაქტიკა: Z-ბლოგერები ადასტურებენ, რომ კრემლმა მიზანმიმართულად დაიწყო სავაჭრო გემებზე ნადირობა, რათა უპასუხოს კიევის მცდელობას, საზღვაო დრონებით ჩაკეტოს რუსული ნაოსნობა აზოვის ზღვაში.
- გარდა ამისა, უკრაინელი და რუსი სამხედრო მიმოხილველები იტყობინებიან, რომ თავდასხმები უკრაინის მომიჯნავე რეგიონებში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზეც ხორციელდება.
სტრიქონებს შორის: რუსი სამხედრო ექსპერტები კრემლის ნაბიჯებს უკრაინის „სრულფასოვანი საზღვაო ბლოკადისკენ“ გადადგმულ სისტემურ ნაბიჯად აფასებენ.
- რუსული Z-ბლოგერები იხსენებენ ვლადიმერ პუტინის შარშანდელ მუქარას, რომლის მიხედვითაც მოსკოვის მიზანი „უკრაინის ზღვიდან სრული მოკვეთაა“.
- თუმცა, თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული გავლენიანი ტელეგრამ-არხი Rybar აღნიშნავს, რომ მხოლოდ დრონებითა და არსებული რესურსით ამის გაკეთება შეუძლებელია: გემები ძირითადად მცირე დაზიანებებს იღებენ, რომელთა აღმოფხვრაც ადგილზევეა შესაძლებელი.
კონტექსტი: უკრაინამ გასული კვირიდან დაიწყო ყოველდღიური იერიშები იმ რუსულ ტანკერებსა და ხომალდებზე, რომლებიც აზოვის ზღვით ყირიმს ამარაგებენ.
- ბოლო 9 დღეში უკრაინულმა ძალებმა ჯამში 116 რუსული გემი გამოიყვანეს მწყობრიდან.
- ეს კიევის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც ყირიმის მომარაგების პარალიზებაა.