13:23 | 07 ნოემბერი, 2026 — უკრაინა
კლიჩკომ ზელენსკის მიერ კიევის მერიის კრიტიკას "მანიპულაცია" უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ნოემბერს, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გააკრიტიკა რუსეთის თავდასხმების გამო დედაქალაქში წყლისა და ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვების გამო.
ვითარების არსი: "ქალაქის დონეზე მზადება ჩავარდნილია. ფაქტობრივად, ეს არის გათბობის სეზონისთვის მომზადების შესახებ ქალაქის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისა და უკრაინული ენერგეტიკის წინააღმდეგ ამ რუსული ოპერაციის შედეგები." - თქვა ზელენსკიმ.
- მან აღნიშნა, რომ მთავრობამ ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა "დამატებითი ბრიგადების ჩართვისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის დაჩქარების აუცილებლობა."
სტრიქონებს შორის: უკრაინის ლიდერის განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კიევის მერმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.
- "როგორ უნდა აეცილებინა თავიდან დედაქალაქს... უკრაინული ენერგეტიკის წინააღმდეგ რუსული სპეცოპერაცია? რომელ თათბირებზე და ვისთან განიხილავენ კიევის მზადებასა და ძალისხმევას ისე, რომ მათზე დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ იწვევენ?" - იკითხა ვიტალი კლიჩკომ.
- კიევის მერმა ასევე დასვა კითხვა, "არის თუ არა პრეზიდენტი საქმის კურსში," რომ უკრაინაში "ერთიანი ენერგოსისტემაა და როდესაც მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ანადგურებენ, არ შეიძლება სადღაც ანათებდეს, სადღაც კი კლიჩკოს ყველაფერი ჩაექრო."
- "ცენტრალური ხელისუფლების მანტრა, რომ კიევი ყველაზე ცუდია, მუდმივი მანიპულაციები, ტყუილი - ცუდი ისტორიაა," - განაცხადა დედაქალაქის მერმა და ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ხელისუფლება "კლიჩკოს თავიდან მოშორების მცდელობაში... და დედაქალაქის დახმარების გარეშე" ფაქტობრივად "ანადგურებს კიევს."
დიდი სურათი: 6 ნოემბრის საღამოს მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდასხმების გაძლიერებაზე პასუხი იქნება უფრო მეტი სარემონტო ბრიგადის ჩართვა, ასევე ქვეყნის შეიარაღებული ძალების დახმარება ამ თავდასხმების შედეგების ლიკვიდაციაში.
- "რუსეთის ტაქტიკა ელექტროქსელების, ტრანსფორმატორებისა და გამანაწილებელი მოწყობილობების განადგურებაა. სწორედ ამიტომ, რეგიონების ნაწილში საკმარისი გენერაციის პირობებშიც კი, სამწუხაროდ, დეფიციტი ნარჩუნდება. ეს რემონტით გვარდება და მნიშვნელოვანია სიჩქარე," - განაცხადა ზელენსკიმ.
- ბოლო კვირებში რუსეთის არმიამ გააძლიერა სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მილიონობით უკრაინელი იძულებულია, შემოდგომის სიცივეში გათბობის გარეშე იცხოვროს, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტის პირობებში.