ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციამ პროსახელისუფლებო მსხვილ მედიებს მოსთხოვა, არ გამოაქვეყნონ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგების ამსახველი მასალები.
ამის შესახებ სამ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა "ვიორსტკა" წერს.
ვითარების არსი: როგორც წყაროები ამბობენ, მათ "დაჟინებით მისცეს რეკომენდაცია, რომ უფრო მეტად აჩვენონ" უკრაინაზე რუსეთის დარტყმების წარმატებები.
- ერთ-ერთი მსხვილი პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ინფორმაციის მიწოდების პოლიტიკის შეცვლის შესახებ განკარგულება პუტინის ადმინისტრაციიდან ივნისის მეორე ნახევარში მოვიდა.
- "ისინი ითხოვდნენ, რომ შეგვეწყვიტა ჩვენს ტერიტორიაზე უკრაინული დარტყმების შედეგების ვიდეოებისა და ფოტოების გამოქვეყნება. და უფრო მეტად გვეჩვენებინა ჩვენი თავდასხმების შედეგები". - ამბობს "ვიორსტკის" წყარო.
- განკარგულების გაცემას კიდევ ერთი მსხვილი მედიის წყაროც ადასტურებს. მისი თქმით, "ხელმძღვანელობამ ლოგიკა ასე ახსნა: არსებობს პროპაგანდის კონტროლის დისბალანსი რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის".
- როგორც „ვიორსტკამ“ გაარკვია, უმსხვილესი ტელეგრამ-არხები, რომლებიც თანამშრომლობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ან თავდაცვის სამინისტროსთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო მსხვილ თავდასხმებს ან საერთოდ არ ახსენებდნენ, ან მხოლოდ მოკლე ცნობებით შემოიფარგლებოდნენ.
სიღრმისეულად: გარდა ამისა, მსხვილმა ტელეგრამ-არხებმა მოსკოვზე დარტყმების შედეგების ვიდეოები და ფოტოები წაშალა.
- მაგალითად, მსგავსი კონტენტის მქონე პოსტები გაქრა არხებიდან: "მოსკვაჩ" (3,8 მილიონი გამომწერი), "ტოპორ Live" (4 მილიონზე მეტი გამომწერი), "რიფმი ი პანჩი" (თითქმის 1,4 მილიონი გამომწერი).
- კრემლთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ტოპ-მენეჯერმა მსგავსი მოთხოვნების კიდევ ერთ მიზეზზე მიუთითა. "ჩვენთან აქ არიან "ქორები", რომლებიც ფედერალურ დონეზე მსგავსი პუბლიკაციებისთვის სერიოზული ვადებით სისხლისსამართლებრივი სასჯელის შემოღებას ითხოვენ. კურატორებს [პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან] საქმის ასეთ რეპრესიებამდე მიყვანა არ სურთ". - განმარტა მან.
ფართო ხედით: ცოტა ხნით ადრე ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის დარტყმების შედეგებს "შთამბეჭდავი" უწოდა.
- "მოიძიეთ მეტი კადრები უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან, ჩვენი შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგების კადრები შთამბეჭდავია. - ამბობს პესკოვი.