11:27 | 26 ნოემბერი, 2026 — რუსეთი
კუშნერი: "პუტინის სახლზე თავდასხმის" გამო უკრაინამ მოლაპარაკებები გააჭიანურა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა 2025 წელს ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე დაუდასტურებელი "თავდასხმის" გამო.
ვითარების არსი: "დაახლოებით ერთი წლის წინ მთხოვეს, ამ საკითხით დავკავებულიყავი. სადღაც ნოემბერში ჩვენ დავიწყეთ გარკვეული პროგრესის მიღწევა და მუშაობას შევუდექით. შემდეგ, დეკემბრის ბოლოს უკრაინელები თავს დაესხნენ პუტინის რეზიდენციას, რამაც, ჩემი აზრით, ის უკან დახია." -
- "თებერვლიდან სექტემბრამდე პერიოდში ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ ორივე მხრიდან ვერ ვხედავდით დიდ მოქნილობას ან ღიაობას იქ, სადაც შესაძლოა საერთო შეხების წერტილები ყოფილიყო." - ხაზი გაუსვა მან.
სტრიქონებს შორის: ასე აღწერა კუშნერმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი მუშაობის პერიოდში, სექტემბერში პუტინთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრებამდე.
- ჟურნალისტის კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა პუტინს მშვიდობა და ომის დასრულება, კუშნერმა დადებითად უპასუხა, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ამჟამად პრობლემა ტერიტორიული საკითხია.
- "ვიტყოდი, რომ დიახ, მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ის, რაზეც ის საუბრობს - მშვიდობაა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა პირობებით? და არსებობს თუ არა გზა, რომ შევათანხმოთ ის, რაც მას სურს, იმასთან, რაც სურს პრეზიდენტ ზელენსკის, და ასევე იმასთან, რაც სურთ ევროპელებს? და, ჩემი შეგრძნებით..., პრეზიდენტ პუტინთან და რუსულ გუნდთან მრავალსაათიანი ურთიერთობის შემდეგ, ტერიტორიული საკითხი ახლა ერთგვარ ჩიხში შევიდა." - აღნიშნა ტრამპის წარმომადგენელმა.
დიდი სურათი: ასევე, საუბრის დროს კუშნერმა უარყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზელენსკიზე ან უკრაინელებზე რაიმე სახის ზეწოლას ახდენს. სპეცწარმომადგენლის თქმით, ამერიკელების ამოცანა "შუამავლობაა" და ისინი, პირიქით, ეხმარებიან უკრაინას.
- 2025 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის ფედერაციამ უკრაინა პუტინის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში დაადანაშაულა, რის გამოც რუსები "მოლაპარაკებების პოზიციის გადახედვით" დაიმუქრნენ.
- თუმცა უკრაინამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო.
- გარდა ამისა, ზელენსკიმ რუსების განცხადებებს ყალბი უწოდა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ამერიკულ მხარესაც აცნობეს.