დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

15:07 | 10 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები

ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ უნდა იცოდეთ

10 ნოემბერს აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის პირველი დღე დასრულდა.


ამ დროისთვის შეხვედრის შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოლაპარაკებები 11 ნოემბერსაც გაგრძელდება.


მხარეები უკრაინაში ომის დასრულების პირობებს, ტერიტორიულ საკითხებს, უსაფრთხოების გარანტიებსა და ევროპის მომავალ უსაფრთხოების სისტემას განიხილავენ.


ვითარების არსი: Axios-ის ცნობით, მოლაპარაკებები ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს.


  • სამხედრო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ევროპაში აშშ-ის ძალების სარდალი, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი ხელმძღვანელობს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის მონიტორინგსა და უსაფრთხოების მექანიზმებზე მუშაობს.
  • პოლიტიკური სამუშაო ჯგუფის მთავარი საკითხი ტერიტორიული დავაა, რომელზეც მხარეები თებერვლის მოლაპარაკებების დროს ვერ შეთანხმდნენ.


The Economist: ბრიტანული ჟურნალის ცნობით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებაზე დასათანხმებლად რამდენიმე სადავო წინადადება წამოაყენეს.


  • ერთ-ერთი იდეა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას ითვალისწინებს, რაც რუსეთს მათზე სრული კონტროლის გამოცხადების საშუალებას მისცემდა ისე, რომ უკრაინას მის ხელში დარჩენილი ქალაქების დათმობა არ მოუხდეს.

  • საუბარია სლოვიანსკზე, კრამატორსკზე, დრუჟკივკასა და კოსტიანტინივკაზე - სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქებზე, რომლებიც ე.წ. "ციხესიმაგრეთა სარტყელს" ქმნის. ამასთანავე, დობროპოლიესა და ლიმანზე.


Financial Times: გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას დამატებით ტერიტორიულ დათმობებს უკავშირებს.


  • მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად დონბასის იმ ტერიტორიებიდან უკრაინული ძალების გაყვანას ითხოვს, რომლებსაც ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს.

  • ეს მოთხოვნა უკრაინის თავდაცვისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქებსა და გამაგრებულ პოზიციებს ეხება.

"ციხესიმაგრეთა ქალაქები" დონეცკის ოლქში, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

ამავე დროს, Axios-ის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო კვირებში რუსეთმა და უკრაინამ დახურულ კონტაქტებში ტერიტორიულ საკითხზე გარკვეული მოქნილობა გამოავლინა.

  • The Economist-ის წყაროების თანახმად, მოსკოვი საბრძოლო მოქმედებების ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე შეჩერების განხილვისთვისაც მზადყოფნას გამოთქვამს.
  • თუმცა ეს წყაროების შეფასებებია - რუსეთს საკუთარი ძირითადი ტერიტორიული მოთხოვნები საჯაროდ არ შეუცვლია.

უკრაინის პოზიცია: კიევი ტერიტორიული გამიჯვნის საფუძვლად ფრონტის ამჟამინდელ ხაზს განიხილავს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტერიტორიულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრაზეა შესაძლებელი.

  • Axios-ის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ტერიტორიულ შეთანხმებამდე აუცილებელია უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება.

კიევის პრიორიტეტებს შორისაა:

  • საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შემცირება და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერება;

  • შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობისა და მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველყოფა;

  • სამხედრო ტყვეების გაცვლა;

  • ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება.

უსაფრთხოების გარანტიები: The Economist-ის თანახმად, უკრაინა ომის დასრულებას უსაფრთხოების მყარი გარანტიების გარეშე არ დათანხმდება.

  • Financial Times-ის ცნობით, ვაშინგტონი მოსკოვის პოზიციით დაინტერესდა უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებისა და ალიანსის მხრიდან ანალოგიური ვალდებულებების შესახებ.

  • The Economist-ის თანახმად, ამერიკელი მომლაპარაკებლები ვარაუდობენ, რომ პუტინი შესაძლოა NATO-ს მე-4 ან მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიების მიღებას დათანხმდეს.

  • მე-4 მუხლი საფრთხის შემთხვევაში მოკავშირეებს შორის კონსულტაციებს ითვალისწინებს, ხოლო მე-5 მუხლი - თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიურ თავდაცვას.

  • თუმცა კიევში ეჭვი ეპარებათ, რამდენად შეასრულებს ტრამპი ასეთ ვალდებულებებს.

  • მოსკოვი კვლავ ეწინააღმდეგება უკრაინაში მრავალეროვნული სამხედრო ძალების განთავსებას და მოითხოვს ქვეყნის ნეიტრალიტეტსა და მისი შეიარაღებული ძალების შემცირებას.

The Economist-ის ცნობით, კიევი ომის დასრულების შემდეგ სულ მცირეა ათი წლის განმავლობაში ფართომასშტაბიანი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გარანტიებს ითხოვს.

უკრაინის მოთხოვნები მოიცავს:

  • არანაკლებ 800-ათასკაციანი არმიის შესანარჩუნებლად საჭირო დაფინანსებას;

  • ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და ქვეყნის აღდგენას;

  • ვეტერანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას.

  • ამერიკელი მომლაპარაკებლები ასეთ დახმარებას ზედმეტად ძვირად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი უნდა იყოს.
  • ამასთან, უცნობია, დათანხმდებიან თუ არა ევროპული ქვეყნები ამ მასშტაბის ხანგრძლივი დაფინანსების უზრუნველყოფას.

The Economist-ის ცნობით, ამერიკული მხარის კიდევ ერთი შეთავაზება რუსეთის ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობას ეხება.

  • გამოცემის თანახმად, ეს წინადადება ევროკავშირის ახალ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

  • უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები იდეას არ ეთანხმებიან. უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, კიევი ასეთ შეთანხმებას არ მიიღებს, ვიდრე ომი გრძელდება.

დიდი სურათი: The Economist-ის თანახმად, მოსკოვმა ტერიტორიულ საკითხზე უჩვეულო მოქნილობა მას შემდეგ გამოავლინა, რაც აშშ-მა მოლაპარაკებების დღის წესრიგში ევროპის მომავალი უსაფრთხოების სისტემის განხილვა შეიტანა.

  • უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა რუსეთს ახალი, მიუღებელი მოთხოვნების წამოყენებისა და მოლაპარაკებების გაჭიანურების საშუალება მისცეს.

  • კიევისა და მისი ევროპელი პარტნიორების პოზიციით, ჯერ საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ევროპის უსაფრთხოების სისტემაზე მსჯელობა.

  • ამერიკელი მომლაპარაკებლები ამ თანმიმდევრობას არ ეთანხმებიან და ომის დასრულებას ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე უფრო ფართო შეთანხმებას უკავშირებენ.

  • The Economist-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, უსაფრთხოების ახალი სისტემის შესაძლო საფუძვლად NATO-რუსეთის საბჭოს განახლებული მოდელიც განიხილება.

Politico-ს ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ცდილობენ, მოსკოვი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპული ქვეყნების მონაწილეობაზე დაითანხმონ.

  • ვაშინგტონს სურს, აბუ-დაბის შეხვედრა ბოლო იყოს, რომელიც ევროპის სრულფასოვანი მონაწილეობის გარეშე გაიმართება.

  • დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, NATO-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები აბუ-დაბიში იმყოფებიან და ამერიკულ და უკრაინულ მხარეებთან ცალკე კონსულტაციებს მართავენ, თუმცა სამმხრივ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

  • ევროპული ქვეყნები შიშობენ, რომ მოსკოვთან ახალმა შეთანხმებებმა შესაძლოა NATO-ს როლი შეასუსტოს და რუსეთს ევროპის უსაფრთხოებაზე დამატებითი გავლენა მისცეს.

  • ამერიკელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება სახელმწიფოების სუვერენიტეტს პატივს სცემს, NATO კი ევროპის კოლექტიური თავდაცვის მთავარ საფუძვლად დარჩება.

  • Financial Times-ის ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები მზად არიან, განიხილონ სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილების ძველი მექანიზმების აღდგენა, მათ შორის "ღია ცის ხელშეკრულების" მსგავსი შეთანხმებები.

მთავარი უთანხმოება უცვლელია: რუსეთი დამატებით ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვს, უკრაინა კი უსაფრთხოების მყარ გარანტიებს.

  • პარალელურად, აშშ ცდილობს, ომის დასრულება ევროპის მომავალი უსაფრთხოების სისტემის შესახებ ფართო შეთანხმებას დაუკავშიროს, რასაც უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები სიფრთხილით ეკიდებიან.

კონტექსტი: Financial Times-ის წყაროების თანახმად, პუტინი მიმდინარე ზამთარს უკრაინის დასასუსტებლად ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევს, განსაკუთრებით ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გზით.

  • The Economist-ის ცნობით, კიევში არ ელიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი ზამთრის სამხედრო კამპანიის დასრულებამდე ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერს ხელს.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე