სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ახალი კვლევის თანახმად, წელს რუსული არმიის დანაკარგების შეფარდებამ უკრაინულთან 8:1-ს მიაღწია.
წინა წლებში ეს მაჩვენებელი 3:1-ზე იყო. ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა მოკლულების, დაჭრილებისა და გაუჩინარებულების სახით, ჯამში, დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი დაკარგა.
ვითარების არის: ცენტრის შეფასებით, დანაკარგების პროპორციული თანაფარდობის მკვეთრი ცვლილება უკრაინის მიერ დრონების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მქონე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას უკავშირდება.
- კვლევაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი შეფასებით, რუსეთის დანაკარგების 90%-ზე მეტი სწორედ დრონების დარტყმებზე მოდის.
- კვლევაში რუსული არმიის დიდი დანაკარგების სხვა მიზეზებად სახელდება: რუსეთის საბრძოლო სტრატეგია, რუსეთის შეიარაღებული ძალების უუნარობა, ეფექტიანად მოახდინონ კოორდინაცია სხვადასხვა შენაერთებს შორის საბრძოლო მოქმედებების დროს, ცუდი ტაქტიკა და მომზადება, კორუფცია და დაბალი მორალური სულისკვეთება.
- მკვლევართა აზრით, დანაკარგების რაოდენობაზე გავლენა შესაძლოა მოეხდინა რუსი სამხედროებისთვის Starlink-ის ტერმინალების გათიშვასაც.
ფართო ხედით: 2026 წელს რუსეთი ბრძოლის ველზე ყოველთვიურად დაახლოებით 30-34 ათას ადამიანს კარგავდა, რაც აღემატება ყოველთვიურად მოხალისედ ჩაწერილ 27 ათას ადამიანს, მოწმობს CSIS-ის გათვლები.
- ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის საერთო დანაკარგებიდან დაახლოებით 450 ათასი დაღუპულია.
- უკრაინული არმიის ჯამურმა დანაკარგებმა ომის დაწყებიდან 525-დან 625 ათასამდე ადამიანი შეადგინა. CSIS-ის მიხედვით, მათგან 125-დან 150 ათასამდე დაიღუპა.
- დანაკარგების შეფასებისას CSIS ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს, გამოცემების - "მედიაზონასა" და "ბი-ბი-სის რუსული სამსახურის" შეფასებებს, ასევე ინტერვიუებს ამერიკელ, ევროპელ, უკრაინელ და სხვა ოფიციალურ პირებთან.
- დაღუპულ რუს სამხედროთა სახელობით სიაში, რომელსაც "მედიაზონა" და "ბი-ბი-სის რუსული სამსახური" აწარმოებენ, ოთხშაბათის მონაცემებით 227,7 ათასი ადამიანი ფიქსირდებოდა.
- 2026 წლის იანვარში CSIS რუსეთის დანაკარგებს ომის დაწყებიდან 1.2 მილიონ ადამიანად აფასებდა (აქედან 325 ათასი დაღუპული), ხოლო უკრაინისას 500 - 600 ათას ადამიანად (აქედან 100-დან 140 ათასამდე დაღუპული).
- რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების შეფარდება მაშინ 2.5:1-ზე ფასდებოდა.
დიდი სურათი: უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა 28-ზე მეტჯერ აღემატება 1980-იან წლებში ავღანეთში დაღუპული საბჭოთა სამხედროების რაოდენობას.
- 18-ჯერ აღემატება ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს დაღუპულთა რიცხვს და 9-ჯერ აჭარბებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებულ ყველა ომში ერთად აღებულ დაღუპულთა რაოდენობას.