14:30 | 22 მაისი, 2026 — ევროკავშირი
ლე პენი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების დაბლოკვას განიხილავს - The Telegraph
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" გამარჯვების შემთხვევაში, ლე პენი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნებას დაბლოკავს, თუ ლონდონი ამ საკითხზე ახალ რეფერენდუმს არ ჩაატარებს.
ვითარების არსი: The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერობის კანდიდატები უშვებენ Brexit-ის, ანუ ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის გადაწყვეტილების გაუქმების ალბათობას მომავალი არჩევნების შემდეგ.
- თუმცა, ევროკავშირში ახალი ქვეყნის მისაღებად საჭიროა წევრი 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა და თითოეულ მათგანს ვეტოს უფლება აქვს.
- საფრანგეთში მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია ჯორდან ბარდელა - მემარჯვენე ევროსკეპტიკური პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი და მარინ ლე პენის პოლიტიკური თანამებრძოლი.
სტრიქონებს შორის: ბარდელას ეკონომიკურმა მრჩეველმა, ევროპარლამენტარმა შარლ-ანრი გალუამ გამოცემას განუცხადა, რომ პარტიამ შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნებას განმეორებითი რეფერენდუმის გარეშე.
- მისი თქმით, დაბრუნება ახალი კენჭისყრის გარეშე "დემოკრატიის უარყოფა" იქნება, რადგან ბრიტანელებმა მანამდე რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გამოსვლას. გალუამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეროვნული გაერთიანება," ზოგადად, ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგია.
დიდი სურათი: თუ ბრიტანეთი ევროკავშირში დაბრუნებაზე განაცხადს შეიტანს, მას ელის ხანგრძლივი მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, ხოლო ევროკომისია, სავარაუდოდ, ლონდონს მოსთხოვს უარი თქვას იმ გამონაკლისებზე, რომლებითაც ქვეყანა Brexit-მდე სარგებლობდა.
- ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა. ბრიტანელების 51.9%-მა ხმა მისცა ქვეყნის კავშირიდან გამოსვლას, ხოლო 48.1%-ს ევროკავშირში დარჩენა სურდა.
- ევროკავშირიდან გამოსვლის ოფიციალური პროცედურა 2017 წლის 29 მარტს დაიწყო.
- 2019 წლის დეკემბერში გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ მხარი დაუჭირა შეთანხმებას Brexit-ის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ევროპული კავშირი 2020 წლის 31 იანვარს უნდა დაეტოვებინა. 23 იანვარს ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ კანონს ხელი დედოფალმა ელისაბედ II-მ მოაწერა.