ახალი ამბები

11:46 | 27 მაისი, 2026 — რუსეთი

მედია: პუტინი ომის გაფართოებას გეგმავს

ევროპაში დაუშვეს, რომ პუტინი ახალი მობილიზაციის გასამართლებლად უახლოეს თვეებში უკრაინის საზღვრებს გარეთ ომს გააფართოებს.

ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal, ევროპის რიგი ქვეყნების დაზვერვის ანგარიშებსა და სამხედრო უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რას წერს WSJ: მიმდინარე ტემპებით უკრაინაში ომის გაგრძელება რუსეთისთვის სავალდებულო მობილიზაციის გარეშე შეუძლებელი გახდება.

  • ამის ფონზე, ევროპის დედაქალაქებში სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ ვლადიმირ პუტინი კონფლიქტის გაფართოებას შეეცდება.
  • დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ყოველთვიურად თითქმის 35 ათას სამხედროს კარგავს - იმაზე მეტს, ვიდრე კრემლი მობილიზებას ახერხებს.
  • "ტექნიკური თვალსაზრისით, მობილიზაცია აბსოლუტურად განხორციელებადია, ვინაიდან რუსული სამობილიზაციო სისტემა მოწესრიგდა." - განაცხადა ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, კაუპო როზინმა.
  • "თუმცა, მობილიზაციის უბრალოდ დაწყება იქნება იმის სიგნალი, რომ რუსეთი უკრაინაში ომს ვერ იგებს," - აცხადებს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი.
  • ევროპის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ კრემლმა შესაძლოა NATO-ს ერთიანობა გამოსცადოს. მათი თქმით, დარტყმის სამიზნე შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბალტიის ზღვაში შვედეთისა და დანიის კუნძულები, ან არქტიკაში ალიანსის ტერიტორია გახდეს.
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია გაუარესდა "და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული მხარე უფრო მეტ მზაობას ავლენს, წავიდეს რისკების გაზრდაზე თავისი ჰიბრიდული ოპერაციების ფარგლებში, პირდაპირ ძალისმიერ ზემოქმედებამდეც კი", — განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა.
  • ევროპელი მაღალჩინოსნების შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ კრემლმა შესაძლოა მომავალ 12 თვეში ხელსაყრელი მომენტი დაიჭიროს. ამის მიზეზად ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი სახელდება, რომელიც ევროპაში პოლიტიკურ არასტაბილურობას კიდევ უფრო ამწვავებს.

კონტექსტი: ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა განაცხადა "განკითხვის დღის" რაკეტა "სარმატის" წარმატებული გამოცდის შესახებ და ისტორიაში უმსხვილესი ბირთვული სწავლება ჩაატარა.

  • გარდა ამისა, მოსკოვმა მკვეთრად გაამკაცრა რიტორიკა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ და იმ ევროპული საწარმოების სია გამოაქვეყნა, რომლებიც უკრაინისთვის იარაღს აწარმოებენ.
  • The Economist-ის წყაროები იტყობინებიან ზაფხულში უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შესაძლო განახლებაზე, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, უფრო სავარაუდოა ომი ერთ-ერთი მხარის დამარცხებამდე გაგრძელდეს.
  • უკრაინის ხელისუფლების წყაროების ცნობით, ზელენსკიმ გასცა განკარგულება, რომ ქვეყანა კიდევ ორ-სამწლიანი ომისთვის მოემზადოს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე