ახალი ამბები

10:13 | 05 ივნისი, 2026 — რუსეთი

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის ორ ყველაზე მსხვილ ქალაქში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვებია დაწესებული.

მოსკოვი: მოსკოვის რეგიონში ავტოგასამართი სადგურების ქსელმა "ორტკ"-მ ბენზინის გაყიდვა შეზღუდა - ამის შესახებ რამდენიმე გამოცემა წერს.

  • მედიაში ვრცელდება ერთ-ერთი სადგურის განცხადება: მასში ნათქვამია, რომ 30 მაისიდან "შემდგომ განკარგულებამდე" ერთ ადამიანზე გაიცემა არაუმეტეს 60 ლიტრი ბენზინი და არაუმეტეს 100 ლიტრი დიზელი. 
  • კომპანიის ოფისში განაცხადეს, რომ შეზღუდვები მთელ ქსელში იქნა შემოღებული, თუმცა მათი მიზეზი უცნობია. 
  • "როსნეფტსა" და "ტატნეფტში" ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ სადგურებზე საერთო შეზღუდვები არ მოქმედებს, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ლიმიტები შესაძლოა ცალკეულ ბენზინგასამართ სადგურებზე დაწესდეს. 
  • "ლუკოილში" აღნიშნეს, რომ დიზელზე შეზღუდვები არ არის, ხოლო ბენზინი ერთ ადამიანზე 100 ლიტრის ოდენობით იყიდება. 
  • თავის მხრივ, "გაზპრომში" განაცხადეს, რომ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში დიზელსა და ბენზინზე მოქმედებს ლიმიტი - 100-150 ლიტრი ერთ ადამიანზე. 

სანქტ-პეტერბურგი: გამოცემა "ფონტანკა" 2 ივნისს წერდა, რომ მაისის ბოლოდან მკითხველები სანქტ-პეტერბურგშიც აწყდებიან ბენზინის გაყიდვაზე დაწესებულ შეზღუდვებს. 

  • გამოცემის ცნობით, საწვავის გაცემის ლიმიტის შესახებ გაფრთხილებები ქალაქიდან მოშორებულ ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე გაჩნდა. 
  • 4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, ლენინგრადის ოლქში "სუპერნეფტეგაზის" საწვავის გასამართ სადგურებში ბენზინზე 50-ლიტრიანი ლიმიტი მოქმედებს.

საერთო სურათი: 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ბელგოროდისა და კურსკის ოლქების რამდენიმე რაიონშიც დაიწყეს ბენზინის გაყიდვის შეზღუდვა. კერძოდ, "როსნეფტის" სადგურებზე AI-92 მარკის ბენზინის კანისტრებში ჩასხმა აკრძალეს. 

  • გარდა ამისა, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესეს თვითგამოცხადებულ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში.
  • საწვავის ყველაზე მწვავე დეფიციტი ბოლო დღეებში ანექსირებულ ყირიმში შეიქმნა. ეს გამოიწვია უკრაინული დრონების დარტყმებმა იმ სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც ყირიმს როსტოვის ოლქთან აკავშირებს.

ასევე ნახე