დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

21:59 | 19 ნოემბერი, 2026

ნატო: პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინელები გააკრიტიკა

The Telegraph-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ელბრიჯ კოლბიმ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების სამხედრო ეფექტიანობა ეჭვქვეშ დააყენა. მან შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოსმენამდე დატოვა: 

რა მოხდა ბრიუსელში? 

  • აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ელბრიჯ კოლბიმ ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) შეხვედრა მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული შორეული დარტყმები გააკრიტიკა.
  • The Telegraph-ის ინფორმაციით, სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე კოლბიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს მნიშვნელოვანი სამხედრო ღირებულება არ აქვს და მათ ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლის შეფერხება ვერ შეძლეს.
  • გამოცემის ცნობით, კოლბიმ საკუთარი გამოსვლის დასრულებისთანავე დატოვა ოთახი,  მანამდე, ვიდრე უკრაინის თავდაცვის მინისტრი ევჰენი ხმარა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ დახურულ ბრიფინგს გამართავდა.

რატომ არის კოლბის რეაქცია მნიშვნელოვანი? 

შემთხვევამ აშშ-ის ადმინისტრაციის უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკის შესახებ ევროპელ პარტნიორებს შორის დამატებითი კითხვები გააჩინა.

  • The Telegraph-თან საუბარში გერმანელმა წყაროებმა განაცხადეს, რომ კოლბის ქცევა კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, თითქოს ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის საკითხზე ევროპელი მოკავშირეებისგან განსხვავებულ პოზიციას იკავებს და, ფაქტობრივად, კრემლის ინტერესებს უახლოვდება.
  • კოლბის შეფასებას ბრიტანელი და ევროპელი მინისტრების მხრიდან მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. მათი პოზიციით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე უკრაინის დარტყმები პუტინის სამხედრო მანქანის შესუსტების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ უკრაინის დარტყმებმა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს ზიანი მიაყენა, უკრაინას დრო მოუგო და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კი კოლბის შეფასებას „სულელური“ უწოდა.

რა უნდა ვიცოდეთ სიღრმისეულ დარტყმებზე? 

კოლბის კრიტიკა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შორეული დარტყმების გააქტიურების ფონზე გაისმა. მიმდინარე წელს უკრაინულმა დრონებმა და რაკეტებმა რუსეთის 28 მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. ჯამში, ამ ობიექტებზე 200-ზე მეტი დადასტურებული თავდასხმა განხორციელდა.

  • უკრაინის სტრატეგიის მიზანი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურის, საწვავის მომარაგებისა და ომის წარმოებისთვის საჭირო რესურსების დაზიანებაა.
  • კიევი მიიჩნევს, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეების განადგურება მოსკოვს ომის წარმოების შესაძლებლობებს უზღუდავს და უკრაინის ფრონტზე არსებულ მდგომარეობასაც გავლენას ახდენს.
  • ევროპელი მინისტრები ამ მიდგომას უკრაინის თავდაცვის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევენ. მათი პოზიცია კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ქერჩის ხიდის ნაწილი დააზიანა — ხიდი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიას აკავშირებს.

ზოგადი კონტექსტი

გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა ყურადღება კიდევ ერთ გარემოებაზე გაამახვილეს: მათი შეფასებით, წინააღმდეგობა იკვეთება იმაში, რომ ვაშინგტონი უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს აკრიტიკებს, მაშინ როდესაც თავად აშშ-ის სამხედრო სტრატეგიაც შორეული დარტყმების ფართო გამოყენებას ეყრდნობა.

კერძოდ, გერმანელი წყაროები მიუთითებდნენ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებზე ირანის წინააღმდეგ.

კოლბის განცხადებები და შეხვედრის დატოვების ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს განსხვავებას ვაშინგტონისა და ევროპელი მოკავშირეების მიდგომებს შორის უკრაინის ომის სამხედრო სტრატეგიისა და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის საკითხებში.


ასევე ნახე