11:22 | 23 სექტემბერი, 2026 — აშშ
ნავროცკი: თუ პოლონეთში აშშ-ის ბაზა განთავსდება, მას "ფორტ ტრამპი" დაერქმევა
პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის გეგმას საბოლოოდ დაამტკიცებს და მას "ფორტ ტრამპი" დაერქმევა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვითარების არსი: ინტერვიუში ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ბაზის საკითხი "მხოლოდ დროის ამბავია". ვარშავას სურს, პროექტი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდედასრულდეს.
"მიმაჩნია, რომ ეს საქმე უდავოდ გადაწყვეტილია, რადგან პრეზიდენტი ტრამპი თავისი სიტყვის შესრულებით არის ცნობილი. ვფიქრობ, ის "ფორტ ტრამპის" ინაუგურაციაში პირადად მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა მან.
დიდი სურათი: ევროპაში მზარდი შიშების ფონზე, რომ აშშ კონტინენტზე სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს, პოლონეთი ცდილობს ამერიკული ძალების საკუთარ ტერიტორიაზე გარანტირებულად დატოვებას.
თუ პენტაგონი გერმანიაში ჯარებს შეამცირებს, ნავროცკის თქმით, პოლონეთი (სადაც ახლა 10,000-მდე ამერიკელი ჯარისკაცია) მზადაა, მათი ნაწილი საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს.
კონტექსტი: "ფორტ ტრამპის" შექმნის იდეა პირველად 2018 წელს გაჟღერდა. პროცესს განსაკუთრებული იმპულსი ტრამპისა და პოლონეთის ახლანდელი პრეზიდენტის, ნავროცკის მჭიდრო კავშირებმა შესძინა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა პენტაგონს მუდმივი ბაზის შექმნაზე ოფიციალური წინადადება 3 ივნისს გადასცა.
სექტემბრის დასაწყისში ბაზის პოტენციური ლოკაციის შესარჩევად პოლონეთში ამერიკული დელეგაცია ჩავიდა.
დონალდ ტრამპმა 17 სექტემბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლონეთში ამერიკული ბაზის შექმნის კუთხით "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწიეს.