ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობას უბრძანა, ღაზას ტერიტორიის სულ მცირე 70%-ზე დაამყარონ კონტროლი. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება გასულ წელს აშშ-ის შუამავლობით დადებული ზავის პირობებს.
ვითარების არსი: ნეთანიაჰუმ ეს განცხადება ისრაელის მიერ საომარი მოქმედებების გააქტიურების ფონზე გააჟღერა.
- პარალელურად, ისრაელი აგრძელებს შეტევას „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ლიბანში.
- ბოლო დღეებში ისრაელის ძალებმა ლიბანის სამხრეთში წინსვლა შეძლეს, საჰაერო დარტყმით კი „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური გაანადგურეს.
- „ამჟამად „ჰამასს“ ვავიწროებთ და ღაზას სექტორის ტერიტორიის უკვე 60%-ს ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ დასავლეთ სანაპიროზე გამართულ ღონისძიებაზე. „ჩემი დირექტივაა, 70%-იან ზღვარს მივაღწიოთ. მოდით, ამით დავიწყოთ.“
შეუსრულებელი შეთანხმება: გასულ წელს გაფორმებული მყიფე ზავით, რომელმაც ორწლინახევრიანი ბრძოლა შეაჩერა, ისრაელის ძალებმა ე.წ. „ყვითელ ხაზს“ უკან დაიხიეს და ღაზის ტერიტორიის დაახლოებით 53%-ს აკონტროლებდნენ.
- შეთანხმების მიხედვით, შემდეგი ეტაპი ცახალის [ისრაელის თავდაცვის ძალები] ეტაპობრივ გასვლას და „ჰამასის“ განიარაღებას ითვალისწინებდა.
- თუმცა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ისრაელმა ეტაპობრივად გააფართოვა თავისი სამხედრო ყოფნა ანკლავში.
სამომავლო გეგმები და განცხადებები: ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღაზაში „ბუფერული ზონის“ შენარჩუნება აუცილებელია 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
- თუმცა, ნეთანიაჰუს კაბინეტში უფრო რადიკალური ხედვებიც არსებობს:
ისრაელ კაცი (თავდაცვის მინისტრი): ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისრაელი ე.წ. „ნებაყოფლობითი ემიგრაციის გეგმას“ გააცოცხლებს.
ბეცალელ სმოტრიჩი (ფინანსთა მინისტრი): მოუწოდებს მთავრობას, აქტიურად წაახალისოს პალესტინელების მიგრაცია დასავლეთ სანაპიროდან და ღაზადან.