12:24 | 29 ოქტომბერი, 2026 — ისრაელი
ნეთანიაჰუს პარტია: არაბი ამომრჩევლების მობილიზება კატარმა და თურქეთმა დააფინანსა
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდს" მიაჩნია, რომ კატარი და თურქეთი არიან იმ ფულის წყარო, რომელიც, სავარაუდოდ, არაბი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წასახალისებელ ჯგუფებს გადაერიცხათ.
ვითარების არსი: Times of Israel-ის ცნობით, ამჟამად უსაფრთხოების სამსახური "შინ ბეთი" გამოძიებას აწარმოებს.
- ისრაელის მე-12 არხის ცნობით, გამოძიება ეფუძნება დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც "შინ ბეთმა" მიიღო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნოამ შოლსბერგს წარუდგინა.
- არხები, რომლებიც ორგანიზაციებისთვის ფულის გადასარიცხად გამოიყენებოდა, წარსულში ტერორიზმის დაფინანსებისთვის გამოყენებულ გზების მსგავსია.
სტრიქონებს შორის: დღეს დილით შოლსბერგმა "შინ ბეთის" ხელმძღვანელს, დავით ზინის დაავალა გამოძიების დაწყება "უცხოური დაფინანსებისა და უცხოური სუბიექტების მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ეჭვებთან დაკავშირებით."
- სამშაბათს ზინიმ განაცხადა, რომ არჩევნების დღემ "აქამდე კარგად ჩაიარა" და აღნიშნა: "ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია და ჩვენ შეგვიძლია ისრაელის მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ არჩევნები კონტროლდება და წესრიგისა და შთამაგონებელი ფორმით მიმდინარეობს."
- კენჭისყრამდე ებრაულმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ "ლიკუდი" გეგმავდა არაბულ დასახლებებში მიღებული შედეგების გასაჩივრებას და მტკიცებას, რომ არჩევნები "მოიპარეს," თუ ნეთანიაჰუ ვერ გაიმარჯვებდა - ამისთვის პარტიამ წინასწარ მოამზადა რამდენიმე საჩივარი და ბრალდება გაყალბების შესახებ.
- დღეს ოდნავ ადრე, პოლიციამ უარყო "ლიკუდის" ბრალდებები იმის შესახებ, რომ არჩევნები არაბულმა პარტიებმა "მოიპარეს" და განაცხადა, რომ ამის "არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ არსებობს."
დიდი სურათი: ისრაელში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდულად მაღალი აქტივობა (77.7%) დაფიქსირდა.
- ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 53 მანდატის მოპოვება შეძლო, ოპოზიციამ ჯამურად 67 მანდატის, საიდანაც 48 მანდატი სიონისტური ოპოზიციური პარტიებისაა, ხოლო 19 - არაბული პარტიების.
- შესაბამისად, არცერთ ბლოკს არ აქვს უმრავლესობისთვის საკმარისი 61 მანდატი. აღსანიშნავია, რომ სიონისტური ოპოზიცია არჩევნებამდე გამორიცხავდა არაბულ პარტიებთან თანამშრომლობას.
- პარტიულ ჭრილში ყველაზე მეტი მანდატი ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" მიიღო - 26, მეორე ადგილზე კი გადი აიზენკოტის პარტია "იაშარი" გავიდა - 21.
- ამ არჩევნების მთავარი მოულოდნელობა არაბული პარტიების მნიშვნელოვანი ზრდა არის. არაბულ მოსახლეობაში აქტივობა 2022 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და მათ ჯამში 19-მდე მანდატი მოიპოვეს. არაბულმა სექტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ნეთანიაჰუს კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა.