22:25 | 23 აგვისტო, 2026 — უკრაინა
ნორვეგია უკრაინას 2027 წელს 9.2 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს
ნორვეგიის მთავრობამ კვირას განაცხადა, რომ 2027 წელს უკრაინას 85 მილიარდი ნორვეგიული კრონის ($9.2 მილიარდი - რედ.) ფინანსურ მხარდაჭერას გამოუყოფს.
ვითარების არსი: ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მთავრობა დაფინანსების მოთხოვნას დამტკიცების მიზნით ნორვეგიის პარლამენტს ოფიციალურად წარუდგენს.
- "უკრაინის მხარდაჭერა და აღდგენა ასევე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ მომავალ წელს გაგრძელდეს გადაუდებელი მხარდაჭერა 85 მილიარდი კრონის ოდენობით." - აღნიშნა სტიორემ.
- ეს ფინანსური დახმარება უკრაინისთვის ნანსენის მხარდაჭერის პროგრამის (Nansen Support Programme) ფარგლებში გაიცემა, რომელიც თანხებს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის გამოყოფს.
სტრიქონებს შორის: ნორვეგიის მთავრობის განცხადების თანახმად, 2027 წლის დახმარების პაკეტი ძირითადად სამხედრო მხარდაჭერაზე გამოიყოფა, რაც მოიცავს შეიარაღების პირდაპირ შესყიდვას უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიისგან.
- მაისში ნორვეგიამ აიღო ვალდებულება, დამატებით 2.8 მილიარდი კრონი ($302 მილიონი) გამოეყო ნატოს უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) ინიციატივისთვის - მექანიზმისთვის, რომლითაც უკრაინის ევროპელი მოკავშირეების ფინანსური რესურსების გაერთიანებით სამხედრო ტექნიკის შესყიდვის კოორდინაცია ხდება.
- ამ შენატანით, PURL-ის პროგრამაში ნორვეგიის საერთო კონტრიბუციამ 12.5 მილიარდ კრონს ($1.35 მილიარდი) გადააჭარბა.
დიდი სურათი: 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნორვეგია კიევის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ევროპელ მხარდამჭერად იქცა, რომელიც უკრაინას აწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალებს, უზრუნველყოფს სწავლებასა და ფართომასშტაბიან გრძელვადიან ფინანსურ დახმარებას.