ახალი ამბები

16:14 | 08 ივლისი, 2026 — უკრაინა

ნუ ჩავთვლით, რომ რუსეთმა ომი წააგო - გენერალი ზალუჟნი

დასავლელი ანალიტიკოსების მზარდი ნაწილი დღეს ამტკიცებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი ფაქტობრივად წააგო; ისინი აქცენტს აკეთებენ რუსულ ლოგისტიკაზე უკრაინის წარმატებულ დარტყმებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებსა და მოსკოვის სამხედრო პოზიციების ეტაპობრივ გაუარესებაზე, თუმცა ეს სახიფათო ილუზიაა.

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი და შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გაზეთ The Telegraph-სა და სააგენტო Интерфакс-Украина-ში ერთობლივ მასალას აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ზალუჟნის საკვანძო დასკვნები მკვეთრად სცდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იმ განცხადებებს, რომლებიც მან გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში გააჟღერა.

რას წერს გენერალი: ზალუჟნის შეფასებით, მცდარი წარმოდგენა ომის მალე დასრულებასა და რუსეთის მარცხზე ასახავს ტენდენციას, რომლითაც მოვლენები ბრძოლის ველზე მიღწეული ცალკეული წარმატებების პრიზმიდან ფასდება და არა საერთო, უფრო ფართო სურათის გათვალისწინებით.

  • რუსულ ლოგისტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმები მოსკოვს მართლაც მძიმე ფასად უჯდება, ამბობს ზალუჟნი. თუმცა, მისივე თქმით, ასეთი შეტევები ძვირადღირებული, ტექნოლოგიურად რთული და, საბოლოო ჯამში, ორმხრივ ხასიათს ატარებს - რუსეთი ინარჩუნებს შესაძლებლობას, იმავე ან უფრო დიდი ძალით უპასუხოს. არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ომის წარმოების ეს ფორმა გადამწყვეტ სტრატეგიულ შედეგს უზრუნველყოფს - წერს ზალუჟნი.
  • ყოფილი მთავარსარდლის ხედვით, ფრონტზე ამჟამად წონასწორობასთან მიახლოებული მდგომარეობაა შექმნილი. „რუსეთს არ გააჩნია უკრაინის სრული დაპყრობისთვის საჭირო სამხედრო შესაძლებლობები. ამავდროულად, უკრაინას ამ ეტაპზე არ აქვს ისეთი საშუალებები, რომლებიც მას მისცემს საშუალებას გაათავისუფლოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია ექსკლუზიურად სამხედრო გზით. სამხედრო ბალანსი ორმხრივი შეკავების რეალობად იქცა“, - მიიჩნევს გენერალი.
  • ზალუჟნი აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს რუსეთის წაგებას. ის აკონკრეტებს: თუ კრიტერიუმად კრემლის პირვანდელი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ავიღებთ, აშკარაა, რომ ისინი მიუღწეველი დარჩა. „მაგრამ მარცხი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საწყისი ამბიციების რეალიზების შეუძლებლობა. რუსეთი აგრძელებს ბრძოლას, აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს და არ ავლენს იმის ნიშნებს, რომ ომი ისეთი პირობებით დაასრულოს, რაც მარცხის აღიარებას ნიშნავდა“, - წერს იგი.
  • უპირობო გამარჯვებაზე ვერც უკრაინა ისაუბრებს, აგრძელებს ყოფილი მთავარსარდალი. ქვეყანა კვლავაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასავლურ ფინანსურ დახმარებაზე, სამხედრო ტექნიკასა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე, რის პარალელურადაც მზარდ შიდა წნეხს აწყდება.
  • ზალუჟნის აზრით, რუსეთში ეს კარგად ესმით. ის წერს, რომ კრემლის სტრატეგია სულ უფრო მეტად ეყრდნობა არა სწრაფ წინსვლას, არამედ უკრაინის ეკონომიკურ, სამხედრო და ფსიქოლოგიურ გამოფიტვას. რუსეთს კვლავ გააჩნია ბევრად უფრო დიდი რეზერვები და მხოლოდ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ამ უპირატესობის სრულად კომპენსირება შეუძლებელია.
  • ვაშინგტონისა და ევროპის მხრიდან დახმარების შენარჩუნების საკითხში კი, ზალუჟნის პროგნოზით, უკვე ჩნდება დაძაბულობის შემაშფოთებელი ნიშნები.
  • გამომფიტავი ომები არ იძლევა აშკარა გამარჯვებულებს კლასიკური გაგებით, მიიჩნევს გენერალი. მისი თქმით, გადამწყვეტი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რომელი საზოგადოება შეძლებს უფრო დიდხანს გაუძლოს ხანგრძლივი კონფლიქტის ეკონომიკურ, სამხედრო და ფსიქოლოგიურ ტვირთს და, ამავდროულად, შეინარჩუნოს საერთაშორისო მხარდაჭერა.

ზელენსკის პოზიცია: ორშაბათს Financial Times-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომის გადამწყვეტმა ფაზამ ხმელეთიდან და ზღვიდან ჰაერში გადაინაცვლა. მისი მტკიცებით, კონფლიქტის შედეგს სწორედ „ცაში ბრძოლა“ განსაზღვრავს.

  • ამავე ინტერვიუში ზელენსკი ასევე საუბრობს საჰაერო თავდაცვის სისტემის მოწყვლადობაზე. უკრაინის პრეზიდენტი ჩივის Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 ანტიბალისტიკური რაკეტების დეფიციტის გამო.

კონტექსტი: უკრაინის პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის საჯარო აზრთა გაცვლა-გამოცვლა არა მხოლოდ თურქეთში მიმდინარე ნატოს მნიშვნელოვანი სამიტის ფონზე მოხდა.

  • გასულ კვირას, როგორც Украинская правда-სთვის გახდა ცნობილი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დახურული შეხვედრა გამართა, რომელზეც 2026 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განიხილებოდა.
  • შეხვედრაზე ზელენსკის გუნდი ზალუჟნის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას სთხოვდა, თუმცა გენერალი არ დათანხმდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე