13:07 | 09 ნოემბერი, 2026 — აშშ
Nvidia-ს შეფს, ჯენსენ ჰუანგს რომანი ჰქონდა ჩინეთის ჯაშუშთან
ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს ხელმძღვანელი თვეების განმავლობაში რომანტიულ ურთიერთობაში იყო ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ჯაშუშთან. ჯენსენ ჰუანგმა კომპანიის დირექტორთა საბჭოს უკვე მიმართა ბოდიშის წერილით.
ვითარების არსი: ჩინეთის ჯაშუშთან ჰუანგის რომანის შესახებ ინფორმაცია ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიწრო წრემ მიმდინარე წლის გაზაფხულზე სადაზვერვო უწყებებისგან მიიღო.
საუბარია Nvidia-ს ერთ-ერთი სინგაპურული პარტნიორი კომპანიის (Megaspeed) მენეჯერზე, ალის ჰუანგზე. წყვილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ამის შესახებ ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გაიგეს. ჯენსენ ჰუანგი ამერიკული დელეგაციის წევრი იყო.
ჩაშლილად: დელავერის შტატის დემოკრატმა სენატორმა კრის კუნსმა, რომელიც ახალ სენატში საგარეო საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს, უკვე დააანონსა საგამოძიებო კომიტეტის შექმნა.
კუნსის თქმით, კომიტეტი გამოიძიებს "ტრამპის ადმინისტრაციის არანორმალურ ურთიერთობებს ჩინეთის ჯაშუშებთან და ტექ-მილიარდერებთან".
საყურადღებოა, რომ ამერიკის სახელმწიფო უწყებები თვეების განმავლობაში იძიებდნენ Megaspeed-ის საქმიანობას და კომპანიას ე.წ. ჩიპების აქტის დარღვევასა და ჩინეთისთვის მოწინავე ჩიპების მიწოდებაში ადანაშაულებდნენ.
ჯენსენ ჰუანგი უკვე დაიბარეს კონგრესის ჩინეთისა და საგარეო საკითხთა კომიტეტების დახურულ სხდომაზე.
დიდი სურათი: ჯენსენ ჰუანგის მიმართ ამერიკის სახელმწიფო უწყებების ყურადღება კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენცია გამწვავდა. აშშ სულ უფრო მეტად შეშფოთებულია იმის შესაძლებლობით, რომ ჩინეთმა მიიღოს მოწინავე ჩიპები, რომლებიც მისი სამხედრო მოდერნიზაციის პროცესს დააჩქარებს.
განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჰუანგი ერთ-ერთი იმ იშვიათი ადამიანთაგანი იყო, რომელიც ჩინეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ლობირებდა.
კონტექსტი: გასულ საათებში ჰუანგმა კომპანიის დირექტორთა საბჭოს ბოდიშის წერილით მიმართა.
- "მე ბოდიშის მოხდა მმართებს და ვიცი, რომ ჩადენილს ვერ გამოვასწორებ, მაგრამ ჩვენი ოჯახი დროთა განმავლობაში განიკურნება და შევძლებ ნდობის დაბრუნებას", - ნათქვამია წერილში.
ჰუანგის წერილს წინ უძღოდა დირექტორთა საბჭოს განცხადება შიდა გამოძიების დაწყების შესახებ.
სკანდალს უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ ჰუანგი თანამდებობიდან არ უნდა წავიდეს.
Nvidia, დაახლოებით 4 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიის სათავეშია.