მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

15:01 | 14 სექტემბერი, 2026 — ირანი

NYT: აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმება გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნებმა ჩაშალეს

პრეზიდენტი ფეზეშქიანი საპატიო ყარაულის ფონზე, ალი ხამენეის დაკრძალვა, 7 ივლისი, თეირანი

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნებმა ჩაშალეს, ისე, რომ პრეზიდენტმა, მაჰმუდ ფეზეშქიანმა არაფერი იცოდა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ საუბარია New York Times-ის მიერ მომზადებულ ვრცელ მასალაში - წყაროს ცნობით, მომხდარის შემდეგ პრეზიდენტსა და გუშაგთა კორპუსის მესვეურებს შორის ურთიერთბები მკვეთრად დაიძაბა. 

  • საუბარია მიმდინარე წლის ივლისზე, როდესაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის ჯერ კიდევ მოქმედებდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. 

  • მემორანდუმის რღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანმა დარტყმები მიიტანა ჰორმუზის სრუტეში გამავალ 3 სავაჭრო გემზე - წყაროს ცნობით, გემებზე განხორციელებული თავდასხმა მოულოდნელი იყო ფეზეშქიანისთვის, რომელიც ამ პერიოდში ვიზიტით ერაყში იმყოფებოდა. 

ჩაშლილად: წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა გუშაგთა კორპუსის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს, გენერალ აჰმედ ვაჰიდის დაურეკა -  "დაუფიქრებელი" უწოდა მისი ქვეშერმდომების მოქმედებებს და პასუხები მოითხოვა. 

  • ვაჰიდის პასუხი იყო, რომ მას არ გაუცია შესაბამისი ბრძანება და არც წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია - მისი თქმით, თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა ეროვნული უსაფრთხოების უზენაესმა საბჭომაც, რომელიც უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უწყებად იქცა. 

  • სავაჭრო გემებზე ირანის თავდასხმას ამერიკის საპასუხო საჰაერო დარტყმები მოჰყვა, რაც პრაქტიკულად ომის განახლებით დასრულდა. 

  • წყაროს ცნობით, თეირანში ფეზეშქიანის დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე სკანდალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ხასიათდებოდა ხმამაღალი საუბრებით, ხოლო რამდენიმე გენერალი თანამდებობიდან წასვლითაც იმუქრებოდა. 

  • სწორედ ამ დაძაბულობის შედეგია ეროვნული უსაფრთხოების უზენაეს საბჭოში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიც - მის თავმჯდომარედ გუშაგთა კორპუსის ვეტერანი, გენერალი მოჰსენ რეზაი დაინიშნა, რომელსაც განსხვავებულ პოლიტიკურ ფრაქციებს შორის ბალანსირების გამოცდილება აქვს. 

დიდი სურათი: ირანის მმართველი წრეების ვითარებას კიდევ უფრო ართულებს უზენაესი ლიდერის მდგომარეობაც, რომელიც არჩევის მომენტიდან საჯაროდ არ გამოჩენილა - წყაროების ცნობით, მაღალჩინოსნები და მათ შორის პრეზიდენტიც პერიოდულად ეჭვქვეშ აყენებენ მოჯთაბა ხამენეის სახელით გავრცელებული წერილობითი განცხადებების ავთენტურობას. 

  • New York Times-ის წყაროს ცნობით, სავაჭრო გემებზე თავდასხმის გადაწყვეტილების კვალი დაზვერვის სამსახურის ყოფილ და გავლენიან უფროსთან, ჰოსეინ ტაებთან მიდის, რომელიც მოჯთაბა ხამენეის უახლოესი გარემოცვის წევრად მიიჩნევა. 

  • ტაები, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევაში - თავის უფროსს ეუბნებოდა, რომ ომის დასრულებით ირანმა შეცდომა დაუშვა. 

  • ტაები, თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დაზვერვის სამმართველოს. საბოლოოდ ის 2022 წელს, მოსადის წარმატებული ოპერაციებისა და ინფილტრაციის გამო გადააყენეს - რამდენიმე თვის წინ ტაები ბასიჯის პარამილიტარული დანაყოფის მეთაურად დაინიშნა. 

სტრიქონებს შორის: როდესაც ფეზეშქიანმა პასუხები მოითხოვა, მას უთხრეს, რომ თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილება ადგილზე მყოფმა სამხედრო მეთაურებმა მიიღეს, თუმცა იმავე პერიოდში ე.წ. ულტრა-კონსერვატორული ბანაკის წარმომადგენლები აქტიურად აკრიტიკებდნენ მომლაპარაკებელთა გუნდს, როგორც ტელევიზიით, ასევე ქუჩებში. 

  • New York Times-ის ცნობით, კვლავ სრული გაურკვევლობაა მოჯთაბა ხამენეის ირგვლივ - პრეზიდენტი ფეზეშქიანსა და უზენაეს ლიდერს შორის კომუნიკაცია სულ 2 შედგა და ისიც ძალზედ უცნაურ გარემოებებში შედგა. 

  • ფეზეშქიანის ცნობით, ის სასწრაფო დახმარების დაბურულ შუშებიან მანქანაში ჩასვეს და მისთვის უცნობ ადამიანს დაუკავშირეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ხამენეის გზავნილებს აჟღერებდა - პროცესის დასრულების შემდეგ ფეზეშქიანი არ იყო დარწმუნებული, რომ უზენაეს ლიდერს ესაუბრა. 

  • გასულ აგვისტოში პრეზიდენტმა ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ შეხვდა უზანაეს ლიდერს და მასთან 7 საათი გაატარა. 

სიღრმისეულად: ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, წყაროების ცნობით, გუშაგთა კორპუსის მეთაურები სამხედრო ესკალაციისთვის ემზადებიან და უკვე შემუშავებული აქვთ შესაბამისი გეგმაც. 

  • გეგმა მოიაზრებს ამერიკულ სამიზნეებზე დარტყმების გახშირებას და ნავთობის გლობალური ფასების ზრდისთვის ხელის შეწყობას, ასევე თეირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყული, იემენური და სხვა პროქსი დაჯგუფებების გააქტიურებას. 

  • გასულ კვირას გამოიკვეთა, რომ ე.წ. ულტრა-კონსერვატორები პოზიცია იმარჯვებს - "ირანისა და შეერთებულ შტატების ომი ესკალაციის ფაზაში გადავიდა"- განაცხადა პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაყერი ყალიბაფის მრჩეველმა. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე