რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამის შესახებ ანექსირებული ნახევარკუნძულის გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.
ვითარების არსი: "სევასტოპოლის გუბერნატორ მიხეილ რაზვოჟაევთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება ყირიმის რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რეგიონული ხასიათის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღების შესახებ განკარგულებების ხელმოწერაზე". - წერს აქსიონოვი.
- აქსიონოვის მტკიცებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადება, პირველ რიგში, "ეკონომიკური ხასიათის საკითხების მოწესრიგების" მიზნით გადაწყდა.
- "საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმი საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად ოპერატიულად გადავჭრათ ყველა იმ სფეროს სტაბილური ფუნქციონირების ორგანიზების ამოცანები, რომლებზეც მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფაა დამოკიდებული". - მიიჩნევს თვითგამოცხადებული რეგიონის გუბერნატორი.
- საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ითვალისწინებს კომპენსაციებს დაზარალებულებისთვის, თუმცა, ამ დროისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.
კონტექსტი: ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე თითქმის ერთი თვეა საწვავის კრიზისია. მიზეზი ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე და ყირიმთან დამაკავშირებელ გზებზე უკრაინელების იერიშებია.
- თავდაპირველად საწვავის კრიზისს ტალონებით ებრძოდნენ, თუმცა დაახლოებით ერთი კვირის წინ ნახევარკუნძულზე საწვავი საერთოდ ამოიწურა.
- საწვავის დეფიციტის გამო, ყირიმის რეგიონებს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია.
- ელექტროენერგიისა და საწვავის დეფიციტის ფონზე ფაქტიურად ჩავარდა ტურისტული სეზონი, რის გამოც დაზარალდა და უმუშევარი დარჩა ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.