15:06 | 10 ივნისი, 2026 — საქართველო
ოპერაცია პუშკინი: როგორ ძარცვავდნენ ქართველები ევროპულ ბიბლიოთეკებს
ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალიდან ირკვევა, რომ ორი წლის განმავლობაში, ქართველი ბუკინისტებისა და ანტიკვარებისგან შემდგარი ორგანიზებული დაჯგუფება ევროპის უმსხვილეს ბიბლიოთეკებს ძარცვავდა.
გამოძიების თანახმად, ბიბლიოთეკებიდან მათ ალექსანდრე პუშკინისა და XIX საუკუნის რუსი კლასიკოსების იშვიათი, პირველი გამოცემები გაჰქონდათ. ამ საქმეზე პარიზში ხუთი ქართველის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე მოიცავს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან შესაძლო კავშირებსაც.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მასალის მიხედვით, საქმეს, წმინდა კრიმინალურის გარდა, გეოპოლიტიკური სარჩულიც აქვს - „ოპერაცია პუშკინის“ დაწყება ზუსტად დაემთხვა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, პერიოდს, როდესაც უკრაინა პუშკინის ძეგლების დემონტაჟს ახდენდა, კრემლი კი პოეტს საკუთარი იმპერიული პროპაგანდის სიმბოლოდ იყენებდა.
- თუმცა, საქმეს წმინდად ფინანსური მოტივაციაც გააჩნია - ნაძარცვი წიგნები შავ ბაზარზე, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ძვირად ფასობს.
როგორ მუშაობდა სქემა: დაჯგუფება, რომელიც სულ მცირე 10 წევრისგან შედგებოდა, მიზანმიმართულად მოქმედებდა პარიზში, ლიონში, ვარშავაში, ჰელსინკიში, ტალინში, ბერლინში, ვილნიუსსა და რიგაში.
მეთოდი: ჯგუფის წევრები ბიბლიოთეკებში ყალბი პასპორტებით ან უკრაინელი ლტოლვილის სტატუსით რეგისტრირდებოდნენ. ისინი ითხოვდნენ იშვიათ წიგნებს, დეტალურად უღებდნენ ფოტოებს, შემდეგ კი ორიგინალებს მაღალი ხარისხის, ხელოვნურად დაძველებული ასლებით ანაცვლებდნენ.
მასშტაბი: ჯგუფმა სულ 170 იშვიათი წიგნი მოიპარა, რომელთა საერთო ღირებულება 2.5 მილიონ ევროს აჭარბებს.
მთავარი ფიგურები:
მიხეილ ზამთარაძე (51 წლის): ანტიკვარი თბილისიდან, რომელსაც ფრანგული გამოძიება დაჯგუფების „ტვინად“ მიიჩნევს. იგი პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკას 40-ჯერ ესტუმრა და წიგნები მოტეხილი მკლავის სახვევში მალვით გამოჰქონდა.
ბექა ცირეკიძე (44 წლის): ანტიკვარი, რომელიც ევროპაში ყალბი დოკუმენტებით მოგზაურობდა. ის ესტონეთში მოქმედებდა. გამოძიების მიხედვით, ბექამ შეცდომით ისეთი ასლები დატოვა, სადაც ტექსტი გერმანულად იყო დაბეჭდილი. ამჟამად სასჯელს ესტონეთის ციხეში იხდის.
მათე ცირეკიძე: ბექას შვილი, რომელმაც დასთან ერთად ვარშავის ბიბლიოთეკიდან 79 ორიგინალი წიგნი მოიპარა.
ვალერიან რაჯოევი (56 წლის): ბუკინისტი, რომელიც ლიონის ბიბლიოთეკაში ამტკიცებდა, რომ პუშკინზე სადოქტორო დისერტაციას წერდა.
კავშირი მოსკოვის აუქციონის სახლებთან: მოპარული წიგნები, ბელარუსის გავლით, პირდაპირ რუსეთში იგზავნებოდა. ზამთარაძემ სასამართლოზე აღიარა, რომ ოპერაციის მთავარი ფინანსური დონორი მაქსიმე ციპრისი იყო - მოსკოვის იშვიათი წიგნების აუქციონის სახლის მფლობელი.
- გამოძიების კვალი მივიდა კიდევ ერთ ცნობილ მოსკოვურ აუქციონამდე - „ლიტფონდამდე“ (LitFund). მისი დირექტორი, სერგეი ბურმისტროვი ქართველებს მოპარული წიგნების რეალიზაციაში ეხმარებოდა. ის ამავდროულად რუსეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტია.
- გამოძიების თანახმად, „ლიტფონდმა“ ონლაინ აუქციონზე გამოიტანა პუშკინის გამოცემა, რომლის ყდაც პარიზიდან მოპარული ეგზემპლარის ანალოგიური იყო, თუმცა წიგნს პირველი და ბოლო გვერდები მოჭრილი ჰქონდა - სწორედ ის ადგილები, სადაც ფრანგული ბიბლიოთეკის ბეჭდები იყო დასმული.
დიდი სურათი: ესტონელი პროკურორი ლაურა ბელენი დარწმუნებულია, რომ ეს ქურდობები რუსეთის სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული და დაფინანსებული, რათა კულტურული საგანძური რუსეთში დაებრუნებინათ.
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციისას ეჭვმიტანილების სახლებიდან ფალსიფიკაციისთვის საჭირო ხელსაწყოები და ბეჭდები ამოიღეს, თავად ორიგინალი წიგნები ვერსად იპოვეს.
- გამოძიება გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთთან სამართლებრივი თანამშრომლობის არარსებობის გამო, საგანძურის დაბრუნების იმედი მინიმალურია