ახალი ამბები

18:09 | 16 ივნისი, 2026 — რუსეთი

პატრუშევი „ნორდ-ოსტის“ ტრაგედიაში პასუხისმგებლობას შოიგუს ყოფილ უწყებას აკისრებს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და ფსბ-ს (ФСБ) ყოფილმა დირექტორმა, ნიკოლაი პატრუშევმა, 2002 წლის „ნორდ-ოსტის“ ტერაქტის დროს 130 მძევლის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს (МЧС) დააკისრა, რომელსაც მაშინ სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა.

ვითარების არსი: პატრუშევის განცხადებით, სპეცსამსახურებმა „პროფესიონალურად იმუშავეს“, ხოლო მსხვერპლი მაშველების „დაბნეულობამ“ გამოიწვია.

  • პატრუშევის ვერსიით, შტურმის შემდეგ დარბაზში შესული მაშველები დაიბნენ, რის გამოც ანტიდოტი ყველას ვერ გაუკეთეს, ზოგს კი ორმაგი დოზა შეუყვანეს.

რეალობის შემოწმება: თუმცა, ეს განცხადება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილებას.

  • ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრაგედიის მთავარი მიზეზი კოორდინაციის არარსებობა და ის ფაქტი იყო, რომ სპეცსამსახურებმა ექიმებსა და მაშველებს დაუმალეს ინფორმაცია გამოყენებული საიდუმლო გაზის (კარფენტანილისა და რემიფენტანილის ნაზავი) თვისებების შესახებ.

კონტექსტი: პატრუშევის მიერ 24 წლის წინანდელი ტრაგედიის გახსენება და შოიგუს დადანაშაულება შემთხვევითი არ არის. ეს პირდაპირ კავშირშია იმ მასშტაბურ კლანურ წმენდასთან, რომელიც შოიგუსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ 2024 წლის მაისიდან დაიწყო.

  • სერგეი შოიგუ, რომელიც წლების განმავლობაში თავდაცვის მინისტრი იყო, პოსტიდან გადააყენეს და უშიშროების საბჭოს მდივნის, ფაქტობრივად, გავლენას მოკლებულ თანამდებობაზე გადაიყვანეს.
  • ბოლო პერიოდში შოიგუს უახლოესი გუნდიდან კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით ათზე მეტი მაღალჩინოსანი და გენერალი დააკავეს.
  • მათ შორის არიან მისი უახლოესი მოკავშირეები: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ტიმურ ივანოვი, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი იური კუზნეცოვი და გენშტაბის უფროსის მოადგილე ვადიმ შამარინი.

სტრიქონებს შორის: სერგეი შოიგუ რუსულ საზოგადოებაში ხელშეუხებელ ფიგურად სწორედ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შექმნილი ეფექტიანი მენეჯერის იმიჯით ჩამოყალიბდა.

  • ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პატრუშევის ეს განცხადება მიზანმიმართული დარტყმაა შოიგუს ამ უკანასკნელ „პოზიტიურ მემკვიდრეობაზეც“ კი.
  • კრემლის უშიშროების ძველი კლანი, პატრუშევის ლიდერობით, ცდილობს შოიგუს ფიგურის სრულ დისკრედიტაციას და წარსულში დაშვებული ყველა სისტემური შეცდომის მასზე გადაბრალებას.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე