დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:03 | 09 ოქტომბერი, 2026 — აშშ

პენტაგონი 13 სამხედროს მკვლელის დახვრეტას პირდაპირ ეთერში გადასცემს

აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, საზოგადოებას ექნება საშუალება პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის საჯარო სიკვდილით დასჯას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ-ში საჯარო სიკვდილით დასჯა 90 წელია არ მომხდარა.

  • 2009 წლის თავდასხმის ავტორი, ნიდალ ჰასანი 3 დეკემბერს დახვრეტით უნდა დაისაჯოს ტეხასში, ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე.

რაში ედება ბრალი: ნიდალ ჰასანი - ეთნიკურად პალესტინელი არაბი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მაიორი და პროფესიით სამხედრო ფსიქიატრი.

  • 2009 წლის 5 ნოემბერს მან ტეხასში, ფორტ-ჰუდის ბაზაზე მყოფ კოლეგებს გაუხსნა ცეცხლი.

  • სროლის სამიზნეები ის ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც საბრძოლო მისიებში გასამგზავრებლად სამედიცინო კომისიას გადიოდნენ.

  • ტრაგედიას 13 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 32-მა კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო.

  • 2013 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით, თავდასხმის მთავარ მოტივად რადიკალური ისლამიზმი და ჯიჰადიზმი დასახელდა, რის საფუძველზეც ჰასანს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა განესაზღვრა.

რას ამბობენ: ჰეგსეტის თქმით, ჰასანს "ჯარისკაცებისგან შემდგარი სადამსჯელო რაზმი დახვრეტს".

  • "ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ხალხმა ამის ყურება შეძლოს და პროცესი საჯარო იყოს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მსგავს ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება", - აღნიშნა თავდაცვის მდივანმა.

დეტალები: Associated Press-ის ცნობით, პენტაგონი პროცესის პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს, თუმცა კონკრეტული პლატფორმა, სადაც კადრები გადაიცემა, ჯერჯერობით უცნობია.

  • არც თავდაცვის დეპარტამენტს და არც არმიას ჰეგსეტის განცხადებაზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია, ზუსტად რა ფორმით იქნება ტრანსლაცია ხელმისაწვდომი.

კონტექსტი: ეს 1961 წლის შემდეგ აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა იქნება.

  • სამხედროების მიერ დახვრეტით დასჯა ბოლოს 1945 წელს (საფრანგეთში, დეზერტირობისთვის) მოხდა.

  • აშშ-ში ბოლო საჯარო სიკვდილით დასჯა 1936 წელს გაიმართა.

  • დახვრეტის მეთოდი საკმაოდ იშვიათია და ამჟამად აშშ-ის მხოლოდ 5 შტატშია ავტორიზებული.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე