ახალი ამბები

18:17 | 22 ივნისი, 2026 — რუსეთი

პესკოვი: პუტინი და ლუკაშენკო ზელენსკის განცხადებებს პირადად განიხილავენ

ორშაბათს კრემლმა უკრაინა თავისი ახლო მოკავშირის, ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობასა და მუქარაში დაადანაშაულა.


ვითარების არსი: მოსკოვი ოფიციალურად გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს მინსკის მიმართ. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს „უახლოეს მომავალში“ პირადად განიხილავენ.


  • „რაც შეეხება თავად მუქარას, რა თქმა უნდა, ის უკიდურესად აგრესიულია: სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

  • „თუმცა, ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობას და თავად ბელარუსს შესწევთ ძალა, დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი“.


ლუკაშენკოს პოზიცია: მიუხედავად იმისა, რომ კრემლის სპიკერს ბელარუსის თავდაცვისუნარიანობის სჯერა, თავად მინსკში ვითარებას ბევრად უფრო შეშფოთებით უყურებენ.


  • „ბელარუსი უკრაინელი სამხედროებისთვის ხელისგულზე ჩანს. ჩვენი ძირითადი საწარმოო და ლოგისტიკური ობიექტები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. მათ უკვე 500 ასეთი სამიზნე აქვთ განსაზღვრული“, - განაცხადა ლუკაშენკომ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • ბელარუსის ლიდერის ეს განცხადება პასუხია უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ (მადიარ) ბროვდის სიტყვებზე. ბროვდიმ მინსკის მხრიდან გაჟღერებული მუქარების კომენტირებისას აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე იდენტიფიცირებული აქვთ 500 პოტენციური სამიზნე.


კონტექსტი: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ ლუკაშენკოსთვის ერთი კვირა საკმარისი უნდა იყოს იმ სათვალთვალო და საინფორმაციო აღჭურვილობის მოსახსნელად, რომელსაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმების კორექტირებისთვის იყენებს. მან დასძინა, რომ თუ მინსკი ამას არ გააკეთებს, უკრაინა თავად იმოქმედებს.


  • შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში შესასვლელად ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მინსკი დღეს რუსულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მასპინძლობს, მას საკუთარი ჯარები საომარ მოქმედებებში პირდაპირ არ ჩაურთავს და აცხადებს, რომ ომში ჩაბმას არ გეგმავს.

ასევე ნახე