10:02 | 22 მაისი, 2026
პოლონეთმა ნეთანიაჰუს მთავრობის მინისტრი დაასანქცირა
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ-გვირი პოლონეთში 5 წლის განმავლობაში ვეღარ შევა, როგორც ამას ქვეყნის შინგან საქმეთა მინისტრი მარცინ კერვინსკი იუწყება.
დასანქცირების მიზეზი: ბოლო წლების განმავლობაში ბენ-გვირი არაერთხელ გახდა საერთაშორისო კრიტიკის საგანი ღაზასთან და პრო-პალესტინელ აქტივისტებთან დაკავშირებული მკაცრი პოლიტიკის გამო.
- ამჯერად, მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტები აშდოდის პორტში იყვნენ მოთავსებული, სადაც მას შემდეგ აღმოჩნდენ, რაც ისრაელის საზღვაო ფლოტმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილია დააკავა.
- ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ უსაფრთხოების მინისტრი დროშით დარბის და დაკავებულების მიმართ პროვოკაციულ განცხადაბებს ავრცელებს: "ჩვენ ვართ აქაურობის ბატონები და ასე ვესალმებით ტერიროისტების მხარდამჭერებს".
- არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პოლონეთის მოქალაქეებიც გახდნენ, რომლებიც აღნიშნულ გემზე იმყოფებოდნენ, რის გამოც, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადეკ სიკორსკიმ, ისრაელის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს მოთხოვა, რომ იტამარ ბენ-გვირი დაესანქცირებინა.
რა ვიცით უსაფრთხოების მინისტრზე: იტამარ ბენ-გვირი არის ისრაელის ულტრამემარჯვენე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, რომელიც ცნობილია მკაცრი ანტიპალესტინური რიტორიკითა და უსაფრთხოების აგრესიული პოლიტიკის მხარდაჭერით.
პოლიტიკოსობამდე, იგი ადვოკატი იყო და იცავდა რადიკალ ისრაელელ აქტივისტებს, ხოლო ახალგაზრდობაში, კავშირი ჰქონდა ორგანიზაცია "კახთან", რომელიც აშშ-ს მიერ ტერორისტულ ჯგუფადაა გამოცხადებული.
სავარაუდო გაგრძელება: პოლონეთი არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც იტამარ ბენ-გვირის ქმედებებით აღშფოთებულია. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგი ბენ-გვირისთვის ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესების მომხრეა, რის მისაღწევადაც კოლეგების დარწმუნებას შეცდება.
აქტივისტების ფლოტილია, რომელსაც ღაზის სექტორში ჰუმანიტიარული ტვირთის ჩატანა სურდა, 14 მაისს თურქეთის ქალაქ მარმარისიდან გაეშურა ღაზის სექტორისკენ, სადაც 18 მაისს ისრაელის საზღვაო ძალებმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ირლანდიის პრეზიდენტის დაც არის. ჯამში - 428 ადამიანი დააკავეს, მათ, სავარაუდოდ, დეპორტაციის შემდეგ საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ.