16:09 | 24 სექტემბერი, 2026 — ევროპა
პოლონეთში Starlink-ის სადგური დაიწვა - ხელისუფლება დივერსიაზე საუბრობს
ოთხშაბათს საღამოს პოლონეთში Starlink-ის სატელიტური კავშირის სადგურზე ხანძარი გაჩნდა. RMF24-ის ცნობით, დაიწვა ანტენები და დაზიანდა ელექტროგენერატორი.
ვითარების არსი: პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ ეს, შესაძლოა, რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების შედეგი იყოს.
"ეს არის ინტერნეტ-ჰაბი, რომელიც უკრაინაში ინტერნეტის მუშაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, სადგურს სახელმწიფო კომპანია Exatel მართავს, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში ინტერნეტუსაფრთხოებასა და ქსელზე წვდომას უზრუნველყოფს.
"ეს ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ელემენტია", - ხაზგასმით აღნიშნა გავკოვსკიმ.
წინა შემთხვევები: სექტემბრის დასაწყისში პოლონეთში ხანძარი კიდევ ორ მნიშვნელოვან ობიექტზე გაჩნდა: WB Electronics-ის ქარხანაში (სადაც საჰაერო და სახმელეთო დრონების კომპონენტებს უშვებენ) და JFG Composites-ის ქარხანასა და საწყობში (სადაც თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების დეტალები იწარმოება და ინახება).
- პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მაშინ განაცხადა, რომ პირველ შემთხვევაში ადგილი დივერსიას ჰქონდა.
დანიის დაზვერვა: დანიის სამხედრო და საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანა მოელის, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი ჰიბრიდულ ომს კიდევ უფრო გააძლიერებს.
"უახლოეს თვეებში რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული ომის მასშტაბების ზრდას და დასავლეთისა და ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმების გახშირებას, ამასთან, დაზარალებული სახელმწიფოებისთვის ამ ქმედებების შედეგები წარსულთან შედარებით ბევრად მძიმე იქნება", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც Reuters ციტირებს.
- სააგენტო შეგვახსენებს, რომ ევროპის ტერიტორიაზე დივერსიებისა და ჰიბრიდული ომის საკითხი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.
ბოლო ცნობები: დღეს დილით მინიმუმ ოთხმა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. მათგან, სულ მცირე, ერთი მინდორში ჩამოვარდა.
- კიდევ ერთმა რუსულმა უპილოტო აპარატმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და სუჩავასთან ახლოს ჩამოვარდა.
- მის ჩამოსაგდებად ორი F-16 ტიპის გამანადგურებელი გაიგზავნა.
- ამასთან, ოდნავ ადრე, საზღვართან რუსული დრონების მიახლოების გამო ორი ესპანური F-18-იც აფრინდა.