ახალი ამბები

15:00 | 22 ივლისი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

პუტინი მოლაპარაკებებს მხოლოდ დონბასის სრული დაპყრობის შემდეგ დაუბრუნდება - Bloomberg

რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც დონეცკის ოლქს სრულად დაიკავებს.

ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ვითარების არსი: მასალის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პუტინს პირდება, რომ დონეცკის ოლქზე სრულ კონტროლს 2026 წლის ბოლომდე დაამყარებს.

  • თუმცა, უწყებასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, სამხედროების ნაწილი ამ ვადას არარეალურად მიიჩნევს და პროცესის 2027 წლამდე გაჭიანურებას ელის.
  • დონბასთან ერთად, კრემლი გეგმავს რუსეთის მიერ უკვე დაკავებული სუმისა და ხარკივის ოლქების სასაზღვრო ტერიტორიების შენარჩუნებასაც, „ბუფერული ზონების“ სტატუსით.
  • რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ბუფერული ზონის მიზანი „უკრაინული ფორმირებების“ ქვეყანაში შეჭრის პრევენცია და ქალაქებისა და სოფლების უკრაინული არტილერიისა და დრონებისგან თავის დაცვაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინმა ტერიტორიულ დათმობებზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც კრემლმა ჩათვალა, რომ ვაშინგტონმა უკან დაიხია 2025 წლის აგვისტოში, ანკორიჯის სამიტზე მიღწეული არაფორმალური შეთანხმებებიდან.

  • ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ალასკაში მხოლოდ წინადადებები განითხილებოდა და ოფიციალური შეთანხმება არ შემდგარა.

კონტექსტი: კრემლის პოზიციის გაუხეშება ასევე გამოიწვია უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა დარტყმებმა და დონალდ ტრამპის მხარდაჭერამ ახალ სანქციებზე, რაც რუსული ნავთობის მყიდველებს 100%-იანი ტარიფებით ემუქრება.

  • ამჟამად ყველაზე მძიმე ბრძოლები კონსტანტინოვკისთვის მიმდინარეობს. ამ ლოგისტიკური ჰაბის დაკარგვა რუსეთს გზას უხსნის უკრაინის მთავარი ქალაქებისკენ - კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ.
  • უკრაინა კი ცეცხლის შეწყვეტას არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ ითხოვს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე