17:30 | 09 ივლისი, 2026 — რუსეთი
პუტინი: საწვავის კრიზისი დროებითია, უკრაინა საზღვაო სეზონის ჩაშლას ცდილობს
ვლადიმერ პუტინმა საწვავის კრიზისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი.
საკითხის განხილვა მთავრობის წევრებთან გამართულ თათბირზე მოხდა. მის სიტყვებს სამთავრობო სააგენტოები TASS-ი და RIA Novosti ციტირებენ.
ვითარების არსი: "ეს დროებითი ხასიათის მოვლენებია, ეს სრულიად აშკარა რამეებია, ეს ქმედებები მიმართულია შვებულებების სეზონის ჩასაშლელად - ქვეყნის სამხრეთში, მათ შორის ყირიმში, ჩვენი მოქალაქეების დასვენების ჩასაშლელად". - განაცხადა პუტინმა რუსეთში საწვავის დეფიციტზე საუბრისას.
- მისი აზრით, უკრაინა ცდილობს ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას და საზოგადოებაში ნერვული ფონი შექმნას.
- "სრულიად აშკარაა, რომ მოწინააღმდეგე მიზნად ისახავს ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებას. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ის ცდილობს საზოგადოებაში ნერვული ატმოსფეროს შექმნას". - თქვა პუტინმა.
- მან მთავრობა დაარწმუნა, რომ ეს შეუსრულებელი ამოცანაა, ვინაიდან რუსულ ენერგოსისტემას არაფერი ემუქრება.
- "რუსეთის ენერგოსისტემის სიმტკიცის დონე ძალიან მაღალია, ერთ-ერთი უმაღლესი მსოფლიოში". — აღნიშნა პუტინმა.
- კრიზისის შედეგების შესამცირებლად, მსხვილმა ნავთობკომპანიებმა საწვავი დამოუკიდებელ ავტოგასამართ სადგურებსაც უნდა მიაწოდონ, მიიჩნევს პუტინი. მან მთავრობას მოუწოდა, ორგანიზება გაუკეთოს სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებთან მუშაობას.
- "საჭიროა უბრალოდ მუშაობის ორგანიზება ვერტიკალურად ინტეგრირებულ კომპანიებთან ერთად". - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
- პუტინმა ასევე გაკიცხა ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი, რომელმაც ყირიმის საწვავით უზრუნველყოფის საკითხზე კომენტირებისას თქვა, რომ ხელისუფლება "მზად არის განიხილოს" ეს სიტუაცია ნახევარკუნძულელ კოლეგებთან ერთად.
- "არა უბრალოდ "მზად ვართ განვიხილოთ", არამედ განვიხილოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად. გაჭიანურება საჭირო არ არის". - მიმართა პუტინმა ნოვაკს.
- მან დაამატა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების საწვავით მომარაგება აუცილებელია, თუმცა ისე, რომ მოქალაქეებმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ.
კონტექსტი: რუსეთი საწვავის დეფიციტს გაზაფხულის ბოლოს მას შემდეგ შეეჯახა, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე წარმატებული იერიშები მიიტანა.
საწვავის კრიზისის ფონზე, როდესაც მთელ რუსეთში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება, საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა.
- ოფიციალური სტატისტიკით, 16-დან 22 ივნისამდე რუსეთში ბენზინი 3%-ით, ხოლო დიზელის საწვავი 2.7%-ით გაძვირდა.
ფართო ხედით: კრემლში დაადასტურეს, რომ უკრაინული დრონების იერიშებით გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, რუსეთი ნავთობპროდუქტების შესაძლო იმპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
- კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი შეიძლება გახდეს "კიდევ ერთი ნაბიჯი ბაზრის სტაბილიზაციისკენ", რაც "არსებული აჟიოტაჟური მოთხოვნის ჩაცხრობას" შეუწყობს ხელს.
- საწვავის კრიზისმა რუსეთის ხელისუფლებას უკვე აიძულა ქვეყანაში ბენზინის იმპორტი დაეწყო.
- სავარაუდო მიმწოდებლებს შორის არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ინდოეთი და იაპონია.