12:24 | 05 ივნისი, 2026 — რუსეთი
როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება - ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ღია წერილი ვლადიმირ პუტინისადმი, რომელშიც განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მკვეთრად გაზარდოს ომის ფასი რუსეთისთვის, და მოუწოდა მას პირადი შეხვედრისკენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად.
იმ მომენტში, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ეს დოკუმენტი გამოჩნდა, პუტინი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე და კომენტარს აკეთებდა კიევის დარტყმებზე სანქტ-პეტერბურგზე და მოსკოვის მიერ "ორეშნიკის" ტიპის რაკეტების გამოყენებაზე.
წერილის შინაარსი: თავის წერილში ზელენსკი აცხადებს, რომ "ომს სულ უფრო მეტი ნეგატივი მოაქვს რუსეთისთვის". ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის მცხოვრებლებს არ მოსწონთ "ჩვენი დრონები და რაკეტები", ბენზინის დეფიციტი, მუდმივი აკრძალვები და მობილიზაცია.
- პრეზიდენტმა ასევე განაცხადა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომ მაისში უკრაინის ფრონტზე დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა 30 ათასი რუსი ჯარისკაცი, და ეს მაჩვენებელი უკვე რამდენიმე თვეა ნარჩუნდება.
- ზელენსკის თქმით, რუსეთის დანაკარგებში "63% — ეს დაღუპულებია, და მხოლოდ 37% - დაჭრილები". "XXI საუკუნეში არმიებს არ შეუძლიათ თავს ასეთი ბალანსის უფლება მისცენ. სამომავლოდ დაღუპულთა წილი კიდევ გაიზრდება", - თქვა ზელენსკიმ.
- მან მოუწოდა პუტინს პირადი მოლაპარაკებებისკენ ერთ-ერთ ნეიტრალურ ქვეყანაში, თუმცა კვლავ უარყო რუსეთის წინადადება მოსკოვში შეხვედრის შესახებ.
"ყველამ გაიგონა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, რომ მე თითქოს შემიძლია მოსკოვში ჩამოსვლა. მაგრამ თქვენი მმართველობის ასეთი 26 წლის შემდეგ, უკრაინელ ლიდერს თქვენს დედაქალაქში, ისევე როგორც რუს ლიდერს კიევში, არაფერი ესაქმება", - დაწერა ზელენსკიმ.
- "თუ თქვენ პირადად, თქვენს ფიქრებში არ მიხვალთ იმ აზრამდე, რომ ამ ომის დასრულების დრო დადგა, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას თავისი არსებობისთვის. ჩვენ გვეყოლებიან ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს, - განაცხადა ზელენსკიმ თავისი წერილის დასასრულს. - მაგრამ თქვენც მოგიწევთ გაცილებით მეტი ბრძოლა თქვენი არსებობისთვის - არა რუსეთის, არამედ თქვენი პირადი არსებობისთვის. და ეს არ არის მუქარა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს არის რუსეთის ისტორიის ფაქტები, რომლებიც თქვენ კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება"
კონკრეტულად რას სთავაზობს ზელენსკი პუტინს: უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს მისი აზრით ომის დასრულებისთვის მთავარი პირობები წაუყენა:
- ზუსტი თარიღის დანიშვნა და შეხვედრის გამართვა მესამე ქვეყანაში (შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები).
- ევროპისა და აშშ-ის მონაწილეობა მოლაპარაკებებში.
- ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის არსებულ ხაზზე.
- ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი აშშ-ის მხრიდან.
- ტყვეების გაცვლა ფორმულით "ყველა ყველაზე".
რეაქცია: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ ზელენსკის წერილი პუტინს ოფიციალურად გადაეცემა დიპლომატიური არხებით.
- სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ წერილს გაეცნო და ახლო მომავალში მას ვლადიმირ პუტინიც გაეცნობა.
- ამ ეტაპზე წერილს არ გამოხმაურებია ვლადიმირ პუტინი.