19:42 | 23 ივლისი, 2026 — რუსეთი
რუბიო "ანკორიჯის შეთანხმებების" შესახებ: ეს უკრაინისთვის მიუღებელია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მიდგომა, რომელიც რუსებმა გასულ წელს ანკორიჯში შეთავაზეს, წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან უკრაინისთვის მიუღებელი იყო. მანილაში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა შედგა, რომელზეც მხარეებმა უკრაინის ომსა და სხვა საკითხებზე ისაუბრეს.
ვითარების არსი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იმ ფონზე გაიმართა, როდესაც აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობაზე გაყინულია, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში ახლა ირანია.
- 35 წუთიანი შეხვედრის შემდეგ, რუბიომ მოლაპარაკებები შეაფასა როგორც "კარგი" და "გულახდილი," თუმცა განაცხადა, რომ წინა სამშვიდობო გეგმების ჩაშლის შემდეგ ახალი წინადადებები გახდება საჭირო.
- "შეერთებული შტატები... მზადაა ითამაშოს კონსტრუქციული როლი ამ უაზრო ომის დასასრულებლად," - განაცხადა რუბიომ.
- შეკითხვაზე, მოჰყვა თუ არა შეხვედრას რაიმე გარღვევა, რუბიომ ეს უარყო: "ფიქრობთ, რომ უკრაინაში ომი აქ, აზიაში, 30 წუთში მოვაგვარეთ? ეს ასე არ ხდება."
სტრიქონებს შორის: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ლავროვმა გამოხატა მოსკოვის უკმაყოფილება უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების გამო და უკრაინის ევროპელი მოკავშირეები დაადანაშაულა "დესტაბილიზაციურ პოლიტიკაში," რომელიც რუსეთის "სტრატეგიულ დამარცხებას" ისახავს მიზნად.
- ლავროვმა ასევე წამოჭრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ანკორიჯში გამართული შეხვედრის საკითხი.
- კრემლი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ანკორიჯში ტრამპმა და პუტინმა მიაღწიეს საკვანძო შეთანხმებას უკრაინის ომის დასრულებაზე. რუბიომ და აშშ-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა ეს ცნობები არაერთხელ უარყვეს.
- "ჩვენ მოგვიწევს ახალი წინადადებებისა და ახალი იდეების მოძიება," - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს. "უდავოა, რომ ის ვარიანტი უკრაინისთვის მაშინ მიუღებელი იყო და არ ვფიქრობ, რომ ის მათთვის მისაღებია ახლაც. სინამდვილეში, ის მათთვის, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებად მისაღებია."
დიდი სურათი: ლავროვისა და რუბიოს შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი გადაჭარბებულად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.
- რუსეთი კვლავ დაჟინებით ითხოვს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების სრულ კონტროლს, ხოლო კიევი ტერიტორიულ დათმობებს არ აპირებს.
- რუბიომ აღნიშნა, რომ რუსეთი "კვირაში 5 000-დან 6 000-მდე ჯარისკაცს" კარგავს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამაც "უზარმაზარი ფასი გადაიხადა." მისი თქმით, როგორც რუსეთს, ისე უკრაინას აქვს ძლიერი სტიმული ომის დასასრულებლად, თუმცა, მისი თქმით, მთავარი დაბრკოლება ორივე მხარისთვის მისაღები პირობების პოვნაა.
- "ეს იყო გამოწვევა: ისეთი დასასრული, რომელსაც ორივე მხარე მიიღებს," - თქვა მან.