დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:35 | 06 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

რუს მუსიკოსს ჩერნიჰივის დაბომბვის შესახებ პოსტის გამო 5.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სანქტ-პეტერბურგის პეტროგრადის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ოლგა კუდაშინამ სამხედრო "ფეიკების" საქმეზე სანქტ-პეტერბურგელ ანდრეი პანინს საერთო რეჟიმის კოლონიაში 5.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ბრალდების მხარე მუსიკოსისთვის 6-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

ვითარების არსი: საბოლოო სიტყვაში პანინმა განაცხადა, რომ "გულწრფელად ინანიებს ჩადენილს" და "მზადაა, დაიმსახუროს სასჯელი", თუმცა სასამართლოს განაჩენის შემსუბუქება სთხოვა.

  • "ჩემს საქმეში არ არიან დაზარალებულები და არ არის ზიანი, ხოლო ჩემი ცხოვრება და ჩემი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა". - განაცხადა პანინმა.
  • ბრალდებულის თქმით, განაჩენი გაანადგურებს არა მხოლოდ მას, არამედ მასზე დამოკიდებულ ადამიანებსაც - მცირეწლოვან ქალიშვილს და ასაკოვან დედას.

კონტექსტი: პანინის წინააღმდეგ საქმე აღიძრა იმის გამო, რომ მან 2023 წლის 19 აგვისტოს თავის სოცქსელ VK-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც დაბომბვილი ჩერნიჰივის ფოტო ჰქონდა დართული.

  • "ჩერნიჰივი დღეს. რუსული რაკეტა დრამატულ თეატრს მოხვდა. დაიღუპნენ ადამიანები, დაიღუპნენ უდანაშაულო ბავშვები. ვინც ეს ბრძანება გასცა და ვინც ის შეასრულა, ჯოჯოხეთში დაიწვით! ხოლო მათ, ვინც დუმილით უჭერს მხარს და არ გმობს მიმდინარე მოვლენებს, ვისაც ჰგონია, რომ ეს მისი საქმე არ არის და მას არ ეხება… და ამ ყველაფრის ფონზე შეუძლია საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს, უნდა ახსოვდეს: არსებობს ღვთის სამსჯავრო, არსებობს სინდისი, რომელიც მშვიდად დაძინების საშუალებას არ მოგცემთ. რუსეთო, როგორი გახდი, მძულხარ და შენს უსწრაფეს განადგურებას ვისურვებდი. ამჟამად მცხოვრებთა მშვიდობისთვის და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ". - ეწერა პოსტში.
  • ანდრეი პანინი 2026 წლის 20 ივლისს დააკავეს, მეორე დღეს კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
  • დაპატიმრებამდე ის პროფესიონალურად უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ატარებდა გაკვეთილებს, თანამშრომლობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრთან და დიდ საესტრადო-სიმფონიურ ორკესტრთან, ასევე მუშაობდა გიდად.
  • 2025 წლის ოქტომბერში იგი Telegram-ში დაწერილი სამი კომენტარის გამო, "ექსტრემისტული" სიმბოლიკის გავრცელების მუხლით 2000 რუბლით დააჯარიმეს. თითოეული კომენტარის ტექსტში ფიგურირებდა ფრაზა "დიდება უკრაინას!".
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე