24 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული თავდასხმა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსებმა 90 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 600 დრონი გაუშვეს.
ვითარების არსი: უკრაინელი სამხედროების წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებულია 604 სამიზნე – 55 რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 549 უპილოტო საფრენი აპარატი.
- ღამის დარტყმის მთავარი სამიზნე კიევი იყო.
- წინასწარი ინფორმაციით, დაფიქსირებულია 16 რაკეტისა და 51 დამრტყმელი დრონის მოხვედრა 54 ლოკაციაზე, ასევე დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა 23 ლოკაციაზე.
- გარდა ამისა, რუსების 19-მა რაკეტამ, როგორც ჩანს, მიზანს ვერ მიაღწია.
სტრიქონებს შორის: რუსულმა ჯარებმა კიევზე დარტყმა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მიიტანეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
- წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 44 ადამიანი.
- 24 მაისის ღამეს, კიევის ოლქზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.
დიდი სურათი: უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა "უკრაინსკა პრავდასთან" დაადასტურა, რომ რუსეთმა ბილა ცერკვას რაიონი "ორეშნიკის" ტიპის რაკეტით დაბომბა.
- სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს რაკეტის დაცემისთვის დამახასიათებელი მომენტი საბრძოლო ბლოკების განცალკევებით, რასაც ძლიერი აფეთქებების სერია მოჰყვა.