20:00 | 03 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი
რუსეთის დუმის 30%-ზე მეტი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მონაწილეა
გამოცემა "მედუზას" კვლევის თანახმად, 2026 წლის მოწვევის რუსეთის დუმის 33% "სპეციალური სამხედრო ოპერაციის"(СВО) მონაწილეებისგან შედგება.
უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში პირველი სახელმწიფო დუმის არჩევნები გაიმართა. არჩევნებში ვლადიმირ პუტინის პარტიამ, "ედინაია როსიამ" გაიმარჯვა. პარტიის განცხადების თანახმად, პარლამენტში СВО-ს 49 მონაწილე მოხვდა.
თუმცა ეს ე.წ. "СВО-ს ფრაქციის“ მთლიანი შემადგენლობა არ არის. ბევრი იმ პირთაგან, ვინც თავად არ ყოფილა ფრონტზე, მაინც დაკავშირებულია ომთან: ისინი აფინანსებენ მას ან უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურას.
გამოცემა "მედუზამ" შეისწავლა ყველას ბიოგრაფია, ვინც ბოლო შედეგებით პარლამენტში გადის. გამოთვლების თანახმად, "სვო-ს ფრაქცია" 148 დეპუტატისგან შედგება - ეს დუმის ერთი მესამედია. და საუბარია მხოლოდ მათზე, ვინც მკაფიოდ არის დაკავშირებული ომთან - და რომელთა კავშირიც ღია წყაროებით მტკიცდება.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო ეტაპზე "ედინაია როსიამ" განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა СВО-ს მონაწილე კანდიდატებს.
სხვადასხვა გათვლებით, ამ სტრატეგიამ პუტინის პარტიას ხმების 25% მ მოუტანა.
ვინ მოიაზრებიან СВО-ს მონაწილეებად?
გამოცდილება მათ სხვადასხვა აქვთ: არიან საბრძოლო ქვედანაყოფების მეთაურები, სამხედრო მედიკოსები და ინსტრუქტორებიც. მაგალითად, ბადმა ბაშანკაევი სამხედრო მოსამსახურეებს ტაქტიკურ მედიცინას ასწავლიდა. ხოლო ვადიმ ლოგუნოვი უკრაინის ოკუპირებულ ხერსონის ოლქში შსს-ს „გრომის“ რაზმთან მუშაობდა, სადაც იცავდა ჩინოვნიკებს, რომლებიც უკრაინელებს რუსულ საბუთებს ურიგებდნენ.
ამასთან დუმის წევრების ნაწილს ეს სტატუსი ფრონტზე ჰუმანიტარული ვიზიტების წყალობით გაუჩნდა. ზოგიერთი კანდიდატის სამხედრო გამოცდილების შესახებ საჯარო ცნობები საერთოდ არ იძებნება. მაგალითად, ღია წყაროებში აღწერილია ოლეგ ივანინსკის ვიზიტები ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში მისი მონაწილეობის მონაცემები არ არსებობს.
საერთო ჯამში, "მედუზამ" ვერ მოიძია კონკრეტული ცნობები სამხედრო სამსახურის შესახებ ოთხ კანდიდატზე, რომლებსაც "ედინაია რასია" "СВО-ს მონაწილეებად" მოიხსენიებდა: ივანინსკის გარდა, ესენი არიან ნიკოლაი ალექსეენკო, დმიტრი ვორონა და შამსაილ სარალიევი.
მაგალითად, ალექსეენკოსთან დაკავშირებით მოიძებნა დეტალური ანგარიშები მხოლოდ იმ სამუშაოზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს არ უკავშირდება. 2022 წლის 1 აგვისტოს ის საკუთარ საიტზე წერდა, რომ, როგორც იზიუმის რაიონის "აღდგენის კურატორი", ამოწმებდა ობიექტებს იზიუმში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ იყო დროებით დაკავებული.
იმავე დღეს ალექსეენკო იუწყებოდა, რომ კუპიანსკში ხვდებოდა სატვირთო მანქანებს დაახლოებით 50 ტონა პროდუქტით, მედიკამენტებითა და სამშენებლო მასალებით.
მოგვიანებით ალექსეენკო ეხმარებოდა რუსული ჯარების მომარაგებას მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდ "იზიუმის" მეშვეობით, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო თავდაცვის სამინისტროს მედალი "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის".
კიდევ ერთი დეპუტატი, დმიტრი ვორონა, ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ევგენი ბალიცკის მრჩეველი იყო, რომელიც მოგვიანებით და სენატში ანექსრებული ტერიტორიის წარმომადგენელი გახდა.
СВО-ს საეჭვო მონაწილეები
ალექსეენკოსა და ვორონასგან განსხვავებით, რომლებიც არასდროს ამტკიცებდნენ, რომ პირდაპირ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში, ზოგიერთი დეპუტატი საჯაროდ აცხადებდა ამის შესახებ - თუმცა მათი სიტყვები დიდ ეჭვებს იწვევს.
მათ შორისა არიან დუმის ხელახლა არჩეული დეპუტატები - დმიტრი საბლინი და ვიტალი მილონოვი.
საბლინის საიტზე ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში მან რუსეთის ჯართან კონტრაქტი გააფორმა და დაზვერვაში მოხვდა. იმავე შემოდგომაზე "სამხედრო კორესპონდენტი" სემიონ პეგოვი საბლინს წარმოადგენდა, როგორც ადამიანს, რომელიც შემოჭრის პირველივე დღეებიდან "მუდმივად ველზეა".
რეალურად, გამოცემა The Insider-ის მიერ გამოქვეყნებული ფრენების მონაცემების თანახმად, 2022 წლის 7 ოქტომბერს დეპუტატი მეუღლესთან ერთად მოსკოვიდან სოჭის გავლით ანტალიაში გაფრინდა, ხოლო 12 ოქტომბერს მოსკოვში დაბრუნდა.
ხოლო საბლინის ხელმძღვანელობით მოქმედი "ბარსის" ქვედანაყოფი "კასკადი" ე.წ. დეპუტატების ბატალიონების თვალსაჩინო მაგალითია - ფორმირებებისა, სადაც ჩვეულებრივ "მსახურობენ" ის ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ უფროსობისადმი ლოიალობის დემონსტრირება ან რაიმე ცოდვის გამო ვალის გადახდა.
მილონოვმა თავისი სამსახური საბლინზე უფრო დეტალურად აღწერა. 2022 წლის 12 ოქტომბერს მან "ფონტანკას" განუცხადა, რომ ჰორლივკასთან, დნრ-ის მე-3 ბრიგადის არტილერიაში მსახურობდა. იმავე დღეს ის პეტერბურგში, სამხედრო კომისარიატთან გადაიღეს - მაგრამ დეპუტატმა "დაბრუნება" თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ დოკუმენტების გადაფორმებით ახსნა: ადრე ის დნრ-ის სახალხო მილიციის სამხედრო მოსამსახურე იყო, ახლა კი განცხადებას მოხალისედ აბარებდა.
მილონოვის თქმით, ის უმცროსი სერჟანტი და МТ-12 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნის უფროსი დამმიზნებელი იყო. 2023 წლის მარტში მილონოვმა "კომსომოლსკაია პრავდას" უამბო, რომ ომში ხუთი თვე გაატარა: სახლში დაბრუნებას ის კონტრაქტის ვადის ამოწურვით ხსნიდა და ფრონტზე დაბრუნებას პირობას დებდა (მაგრამ ეს აღარასდროს გაუკეთებია).
2026 წლის აგვისტოში, ბლოგერ ამირან სარდაროვისთვის მიცემულ ინტერვიუში მილონოვმა განაცხადა, რომ ომში ადამიანებს კლავდა. კითხვაზე, უჭირს თუ არა ამის შემდეგ ცხოვრება, დეპუტატმა უპასუხა: "არა. ეს შენი, როგორც სამხედროს, მოვალეობაა".
СВО-ს მონაწილე "ოპოზიციონერები"
სხვა პარტიებიდან ახალ დუმაში წინასწარი შედეგებით კიდევ ოთხი კანდიდატი გავიდა, რომლებიც "სვო-სთან" არიან დაკავშირებული. სამი - ლდპრ-დან (რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან).
ესენი არიან ბრიგადა "ალექსანდრე ნეველის" მეთაური ალექსეი ვერეშაგინი, აგრეთვე დმიტრი ჟირკოვი, რომელსაც პარტია ომის მონაწილედ წარმოადგენს, მაგრამ ღია წყაროებში საბრძოლო მოქმედებების ზონაში მისი პირდაპირი ყოფნის შესახებ ცნობები არ მოიძებნება. ამასთან, 2023 წლის აპრილში ჟირკოვმა მიიღო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მედალი "საბრძოლო თანაძმობების განმტკიცებისთვის" ომის მონაწილეების მხარდაჭერისთვის.
"სპრავედლივაია როსიადან" დუმაში მოხვდა ოლეგ ჩერნიშევი - 1429-ე გვარდიული მოტომსროლელი პოლკის მეთაური.
СВО-ს მონაწილეები, როგორც ახალი ელიტა
ვლადიმირ პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მონაწილეებს 2024 წელს უწოდა ახალი და ნამდვილი ელიტა.
"სიტყვა ელიტამ ბევრ რამეში დისკრედიტაცია მოახდინა საკუთარი თავის. მათ, ვისაც საზოგადოების წინაშე არანაირი დამსახურება არ გააჩნია, თავს მიიჩნევს რაღაც კასტად განსაკუთრებული უფლებებითა და პრივილეგიებით, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს ისინი, ვინც წინა წლებში ჯიბეები გაისქელა 90-იანი წლების ეკონომიკაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების ხარჯზე - აი, ისინი ნამდვილად არ არიან ელიტა.
ჭეშმარიტი, ნამდვილი ელიტა არის ყველა, ვინც ემსახურება რუსეთს: მშრომელები და მეომრები, საიმედო, გამოცდილი, საქმით დამტკიცებული თავიანთი ერთგულებით რუსეთისადმი, ღირსეული ადამიანები". - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 2024 წლის 29 თებერვალს.