რუსეთის კიდევ ორ რეგიონში, ბელგოროდსა და კურსკში, საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესეს.
დეტალები: ბელგოროდის ოლქის რამდენიმე რაიონში "როსნეფტის" ავტოგასამართ სადგურებზე AI-92 მარკის ბენზინის კანისტრებში ჩასხმა შეწყვიტეს. ამის შესახებ გამოცემა "პეპელს" კოროჩანსკის, ალექსეევსკის, იაკოვლევსკისა და სხვა რაიონების მცხოვრებლებმა აცნობეს.
- ბენზინგასამართ სადგურებზე კანისტრებში საწვავის ჩასხმაზე უარს "როსნეფტის" ქსელში მოქმედი შიდა აკრძალვით ხსნიან. ადგილობრივების თქმით, სადგურებზე ასევე უარს ამბობენ ავტომობილების სრულ ავზამდე გამართვაზე.
- ანალოგიური შეზღუდვების შესახებ "პეპელს" კურსკის ოლქის მცხოვრებლებმაც უამბეს. რეგიონში "როსნეფტის" ავტოგასამართ სადგურებზე უარს ამბობენ მანქანებში 20 ლიტრზე მეტი AI-95 მარკის ბენზინის ჩასხმაზე, ასევე არ ასხამენ AI-92-ს კანისტრებში.
- ბელგოროდის ოლქის ეკონომიკური განვითარებისა და მრეწველობის მინისტრმა, მაქსიმ გუსევმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ქსელის ბენზინგასამართ სადგურებზე კანისტრებში საწვავის გაცემა დროებით შეწყდა.
- მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად კომპანიამ მიიღო უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე და ის ეხება არა მხოლოდ ბელგოროდის ოლქს, არამედ სხვა რეგიონებსაც (თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომლებს).
- გუსევმა დასძინა, რომ ავტომობილების გამართვა ყველა სახის საწვავით სრული მოცულობით და შეზღუდვების გარეშე ხორციელდება, ხოლო ჭურჭელში საწვავის შეძენა სხვა ბრენდების ბენზინის გასამართ სადგურებზეა შესაძლებელი.
გარდა ამისა, საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები ასევე შემოიღეს თვითგამოცხადებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში.
- რუსეთის მიერ დანიშნულმა მარიონეტული რეჟიმმა განაცხადა, რომ საწვავზე მოთხოვნის გაზრდის გამო მიღებულია გადაწყვეტილება, AI-92, AI-95 მარკის ბენზინისა და დიზელის საწვავის გაცემა ერთ ადამიანზე 20 ლიტრით შეიზღუდოს.
- "იმ მარაგების გათვალისწინებით, რაც დღეს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში არსებობს, და ასევე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, არსებობს დეფიციტის წარმოქმნის რისკი", - წერია განცხადებაში.
კონტექსტი: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საწვავის კრიზისია
- 31 მაისიდან იქ AI-95 და AI-92 მარკის ბენზინის გაყიდვაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. AI-95-ის გაცემა მხოლოდ ტალონებით დაიწყეს, ხოლო AI-92-ის — ტალონების გარეშე, თუმცა არაუმეტეს 20 ლიტრისა ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე. 1 ივნისს ნახევარკუნძულის უმსხვილესმა ბენზინგასამართმა ქსელებმა საწვავის ტალონების გაყიდვა შეაჩერეს.
- ყირიმში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია უკრაინული დრონების დარტყმებმა იმ სატვირთო ავტომანქანებზე, რომლებიც ყირიმს როსტოვის ოლქთან აკავშირებს. ეს გზა ნახევარკუნძულისთვის საწვავის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია.