17:15 | 15 ივნისი, 2026 — რუსეთი
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღლუმი, სავარაუდოდ, წელსაც არ ჩატარდება
სანქტ-პეტერბურგში მთავარი სამხედრო-საზღვაო აღლუმი ზედიზედ მეორედ არ ჩატარდება.
ამის შესახებ გამოცემა „ფონტანკა“ თავდაცვის სამინისტროში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ვითარების არსი: რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც ტრადიციულად ივლისის ბოლო კვირას სანქტ-პეტერბურგსა და კრონშტადტში ტარდებოდა, წელსაც აღარ ჩატარდება.
- გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს აღლუმის გამართვის შესახებ შესაბამისი ბრძანებულება არ გამოუცია. თავად ფლოტშიც სამზადისი არ დაუწყიათ, მიუხედავად იმისა, რომ ივნისის შუა რიცხვებისთვის ეს პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში უნდა ყოფილიყო.
- „თავადაც გესმით, ახლა ამის დრო არ არის“ - აღნიშნა გამოცემის წყარომ სამხედრო-საზღვაო ფლოტიდან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოველწლიური აღლუმი ახალი ტრადიციაა, რომელიც მხოლოდ 2017 წელს დამკვიდრდა. სამხედრო ხომალდებს პუტინი პირადად, მდინარე ნევასა და კრონშტადტის რეიდზე ათვალიერებდა ხოლმე.
- 2024 წელს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ფლოტის ნაწილის დაკარგვის შემდეგ, ხელისუფლებამ აღლუმის კრონშტადტის ნაწილი გააუქმა, 2025 წელს კი ღონისძიება სრულად ჩაშალა.
- მიუხედავად ამისა, შარშან ვლადიმერ პუტინი საადმირალო უწყებაში მაინც მივიდა, ვიდეოკავშირის საშუალებით ფლოტის სწავლებებს თვალი ადევნა და ნევაზე იმ კატერით გაისეირნა, საიდანაც, როგორც წესი, ხომალდების აღლუმს იბარებს ხოლმე.