დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

19:55 | 20 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

რუსეთის ვიცე-პრემიერი: ყირიმის ხიდის აღდგენის ვადები უცნობია

რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა განაცხადა, რომ უკრაინული დარტყმების შედეგად დაზიანებულია ყირიმის თაღოვანი ხიდის მალის მთავარი კოჭი და თავად თაღი. მისი თქმით, აღდგენის სავარაუდო ვადები უცნობია და ამის განსაზღვრა საინჟინრო-საპროექტო გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ვითარების არსი: მისი თქმით, ხელისუფლებამ შეკეთების შესაძლო ვარიანტები განსაზღვრა - "არსებობს აღდგენის ორი ვარიანტი, თუმცა ყველა საჭირო სამუშაოს უკვე ვაწარმოებთ."

  • წინა დღეს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევების შემდეგ ყირიმის ხიდზე მატარებლების მოძრაობა აღდგა.
  • ვიცე-პრემიერი ხუსნულინი აღნიშნავდა, რომ ხიდის აღდგენის ვადების შეფასება ერთი კვირის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი.
  • "ცალკეული ელემენტების ამუშავებას ერთ-ორ თვეში შევძლებთ. დანარჩენს ვნახავთ, ახლა შტორმების პერიოდია. ამიტომ შევაფასებთ და ერთი კვირის განმავლობაში ზუსტად ვიტყვით," - თქვა მან.

სტრიქონებს შორის: Deutsche Welle-ს ცნობით, უკრაინის ეროვნული სატრანსპორტო უნივერსიტეტის ხიდების, გვირაბებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის დოცენტი, ინჟინერ-დამპროექტებელი ანდრეი კორეცკი ყირიმის ხიდის შესაძლო აღდგენის დროის დიაპაზონს 1.5-3 წლით აფასებს.

  • მხოლოდ თაღის დამზადებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება, რასაც მოჰყვება მოედანზე აწყობა, ტრანსპორტირება და მონტაჟი.
  • "თუმცა, არ მგონია, რომ რუსებს უკრაინის საზღვართან ასეთი თაღის კიდევ ერთხელ მშვიდად დამონტაჟების საშუალება მისცენ," - ხაზი გაუსვა კორეცკიმ.

დიდი სურათი: ყირიმის ხიდი, რომელიც ქერჩის სრუტის გავლით რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მიდის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გახდა თავდასხმის ობიექტი.

  • შედეგად, 17 ნოემბერს დაინგრა ხიდის საავტომობილო ნაწილის თაღი, ხოლო 19 ნოემბრის ღამეს სამიზნე ხიდის სარკინიგზო ნაწილი გახდა.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ სი ძინფინგთან შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ყირიმის ხიდზე დარტყმების გამო "მტკივნეული" პასუხით დაიმუქრა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე