16:41 | 23 ივლისი, 2026 — რუსეთი
რუსეთმა ინდოეთში საკუთარი ნავთობით წარმოებული 42 ათასი ტონა ბენზინი იყიდა - FT
უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად გამოწვეული მწვავე დეფიციტის ფონზე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, რუსეთი, იძულებულია ბენზინი ინდოეთიდან შემოიტანოს.
ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი Financial Times ავრცელებს.
ვითარების არი: მასალა ეყრდნობა ანალიტიკურ კომპანია Kpler-ს, რომლის მონაცემებით, ინდოეთის „ვადინარის“ ქარხნიდან გამოგზავნილი 42 ათასი ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი ჩრდილოეთ რუსეთის პორტ „ბელოიე ზორეს“ კვირას მიაღწევს.
ინდოეთის ქარხანა „ვადინარის“ 49%-ს რუსული "როსნეფტი" ფლობს, ხოლო თავად ქარხანაში გადამუშავებული ნედლი ნავთობის 90%-ზე მეტი 2026 წელს რუსეთიდან იყო შესული.
შესაბამისად, მოსკოვს საკუთარივე ნავთობისგან გადამუშავებული ბენზინის უკან ყიდვა უწევს.
უკრაინულმა იერიშებმა რუსეთის შიდა გადამუშავების სიმძლავრეები 40%-ით შეამცირა, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მძიმე საწვავის კრიზისი გამოიწვია.
FT-ის შეფასებით, პრობლემა დაახლოებით 50 მილიონ რუსს შეეხო.
სხვა წყაროები: ინდოეთის გარდა, რუსეთმა საწვავის შესყიდვა მკვეთრად გაზარდა ბელარუსიდანაც. ივნისში ბელარუსმა რუსეთს184 ათასი ტონა ბენზინი მიჰყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184-ჯერ მეტია.
კონტექსტი: კრემლმა საწვავის იმპორტის გეგმა ოფიციალურად ივნისის ბოლოს გამოაცხადა. ვლადიმერ პუტინმა პრობლემას „დროებითი სირთულეები“ უწოდა, ხოლო ვიცე-პრემიერმა 8 ივლისს ნავთობპროდუქტების იმპორტის დაწყება დაადასტურა.
იმპორტის გარდა, რუსეთმა ვითარების შემსუბუქება საწვავის ხარისხობრივი სტანდარტების დაწევითა და ლოგისტიკის ცვლილებით სცადა, რამაც მდგომარეობა ნაწილობრივ განმუხტა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, თუმცა რეგიონებში მძიმე ვითარება ნარჩუნდება.
- 2 ივლისს, სააგენტო "როიტერი" იტყობინებოდან, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით არსებული საწვავის კრიზისის შესამსუბუქებლად ინდოეთში ბენზინის შესყიდვა დაიწყო.
- სააგენტო ივნისში წერდა, რომ რუსეთმა ყაზახეთს დაახლოებით 50 ათასი ტონა АИ-92 მარკის ბენზინის მიწოდების თხოვნით მიმართა.