6 ივლისის ღამეს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 46 კი - დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი, სულ მცირე 15 საცხოვრებელი სახლი კი დაზიანდა ან განადგურდა.
ვითარების არსი: "ამ დროისთვის (10 საათისთვის - რედ.) მოხერხდა 64 ადამიანის გადარჩენა, მათ შორის ორი ბავშვის. ამ წუთისთვის ცნობილია, რომ, სამწუხაროდ, ამ თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ დაახლოებით 60-მა ადამიანმა მიიღო დაზიანებები." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
- რუსული თავდასხმის ეპიცენტრი კიევის დარნიცკისა და პოდოლსკის რაიონები გახდა, დაზიანებები ასევე დაფიქსირდა გოლოსეევისა და ობოლონის რაიონებში. პოდოლსკის რაიონში ერთ-ერთ სახლში ბინები მე-5-დან მე-9 სართულამდე განადგურდა.
- დარნიცკის რაიონში ხანძარი გაჩნდა და 25-სართულიან სახლში ბინები მე-2-დან მე-5 სართულამდე დაინგრა. ასევე, ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად, ხანძარი გაუჩნდა ბინებს სხვა კომპლექსის 30-სართულიან მრავალსართულიან სახლში.
სტრიქონებს შორის: დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა დგინდება. მაშველები დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ფსიქოლოგები.
- გრძელდება თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია პოდოლსკის, დარნიცკისა და გოლოსეევის რაიონებში სხვა მისამართებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე დარტყმის ადგილებზე.
დიდი სურათი: 6 ივლისის ღამეს რუსეთი უკრაინას ასობით სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, ასევე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით დაესხა თავს.
- უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 363 სამიზნე - 37 რაკეტა და 326 უპილოტო საფრენი აპარატი.
- დაფიქსირდა 29 ბალისტიკური რაკეტისა და 18 დრონის მოხვედრა 34 წერტილში, აგრეთვე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების (ნამსხვრევების) დაცემა 16 წერტილში.