დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:51 | 06 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

რუსეთმა სამხრეთ კორეისგან 176 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი შეიძინა - The Guardian

რუსეთმა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების ფონზე, სამხრეთ კორეიდან საწვავის იმპორტი გაზარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

ვითარების არსი: გამოცემის გამოძიებით, ივლისსა და აგვისტოში სამხრეთ კორეის პორტებიდან რუსეთში 176 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი, ძირითადად დიზელი, გაიგზავნა.

  • მასალის თანახმად, საწვავის მყიდველებს შორის იყვნენ Rosneft და რუსული ნავთობკომპანია NNK.
  • Rosneft აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სანქციების ქვეშაა; NNK-ის მფლობელი Eduard Khudainatov და კიდევ ერთი მფლობელი კომპანია, NNK-Oil, ბრიტანეთის სანქციების ქვეშ არიან.

დეტალები: შვიდმა ტანკერმა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში 14 რეისი შეასრულა. მათგან სამი (Layla, Astoria და Chongchon) სანქციების ქვეშ იმყოფება.

  • Layla-მ და Astoria-მ, რომლებსაც ჯამში დაახლოებით 68 ათასი ტონა საწვავი გადაჰქონდათ, დანიშნულების ადგილად იაპონია მიუთითეს.

  • Chongchon-მა, რომელსაც 26 ათასი ტონა გადაჰქონდა - სინგაპური.

  • რეალურად სამივე ტანკერი ვლადივოსტოკში ჩავიდა.

  • ერთ შემთხვევაში საწვავი სამხრეთ კორეის წყლებში გემიდან გემზე გადატვირთეს. ეს სქემა ტვირთის წარმომავლობის დადგენას მნიშვნელოვნად ართულებს.

დიდი სურათი: უკრაინული დარტყმების შემდეგ რუსეთში ნავთობის გადამუშავება შემცირდა, საწვავის იმპორტი კი მკვეთრად გაიზარდა.

  • ივნისში რუსეთი დღეში საშუალოდ 4.1 მილიონ ბარელ ნავთობს ამუშავებდა, რაც ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე 28%-ით ნაკლებია.
  • აგვისტოში რუსეთმა ზღვით 368 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შეიტანა - ივლისთან შედარებით შვიდჯერ მეტი და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
  • სამხრეთ კორეაზე მოდიოდა 112 ათასი ტონა - რუსეთის საზღვაო იმპორტის 31%. მასზე მეტი რუსეთს მხოლოდ ინდოეთმა მიაწოდა.

კონტექსტი: მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინის დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკვე აიძულებს მოსკოვს გაზარდოს მზა საწვავის იმპორტი, მათ შორის, სანქცირებული ტანკერებისა და ტვირთის დანიშნულების ადგილის დამალვის სქემების გამოყენებით.

  • სამხრეთ კორეა რუსეთში ძირითადად სამხედრო დანიშნულებით გამოსაყენებელი საქონლის ექსპორტს ზღუდავს.
  • ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონკრეტულ მიწოდებებსა და სანქცირებული ტანკერების შესვლაზე კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ სეული საერთაშორისო სანქციების ძალისხმევას მხარს უჭერს და საკუთარ საექსპორტო შეზღუდვებს აკონტროლებს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე