დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

10:42 | 25 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

რუსეთმა შესაძლოა სომხეთს გაზის მიწოდება 1 ნოემბრიდან შეუჩეროს - Hraparak

რუსეთმა შესაძლოა, 1 ნოემბრიდან, სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტოს, თუ ერევანი მოსკოვის პოლიტიკურ მოთხოვნებს არ შეასრულებს.

ვითარების არსი: სომხური გაზეთი "ჰრაპარაკი" რუსეთში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად უკვე გამოცხადებულია გეგმური სარემონტო სამუშაოები, ხოლო მომხმარებლებს გაზს დაგროვილი მარაგებიდან აწვდიან.

  • გაზეთის წყაროების ვერსიით, 1 ნოემბრის შემდეგ შესაძლოა მოხდეს "დიდი ავარია" ან წარმოიშვას სხვა ფორსმაჟორი, რის გამოც რუსული გაზის მიწოდება არ აღდგება.

სტრიქონებს შორის: ამავდროულად, გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ მოსკოვმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ოთხი მოთხოვნა წაუყენა, რომელთა შესრულებითაც ასეთ სცენარს თავიდან აიცილებს.

  • პირველი მოთხოვნა ეხება სომხეთში არსებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას. გამოცემის ცნობით, ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ უარი თქვას სომხეთში სამხედრო ბაზის ყოფნის საკითხის განხილვაზე.
  • მეორე მოთხოვნა ეხება რუსული მონაწილეობით არსებულ აქტივებს, კერძოდ, "გაზპრომსა" და რკინიგზას. სომხეთის ხელისუფლებამ, წყაროს მტკიცებით, უნდა შეწყვიტოს ამ აქტივების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომლებიც მოსკოვში შესაძლოა აღიქვან როგორც ხელყოფა რუსულ კაპიტალზე.
  • მესამე მოთხოვნა ეხება საგარეო პოლიტიკურ არჩევანს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის. მოსკოვი, სავარაუდოდ, ითხოვს ან გაუქმდეს კანონი "ევროკავშირში სომხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ," ან დაინიშნოს რეფერენდუმის თარიღი ამ საკითხზე.
  • მეოთხე მოთხოვნა პრორუსი პოლიტიკოსების დევნის შეწყვეტას გულისხმობს. საუბარია რობერტ ქოჩარიანზე, გაგიკ წარუკიანზე, ანდრანიკ თევანიანსა და სამველ კარაპეტიანზე.

დიდი სურათი: გარდა ამისა, გაზეთის წყარო საუბრობს სავარაუდო დამატებით მოთხოვნაზე - მთავრობაში რუსეთისთვის მისაღები ვიცე-პრემიერის დანიშვნაზე, რომელთანაც რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ შეძლებდა მუშაობას.

  • მედიამ სცადა ამ ინფორმაციის გადამოწმება სომხეთის სამთავრობო წრეებში. გამოცემის ცნობით, მაღალჩინოსნების მხოლოდ მცირე რაოდენობამ იცის რეალური ვითარება.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე