დამოუკიდებელი რუსი უფლებადამცველების ინფორმაციით, ივლისის პირველ ნახევარში რუსმა ძალოვნებმა სულ მცირე 37 კაცი დააკავეს, რომელთაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას აიძულებდნენ.
ამის შესახებ პროექტ "იდიტე ლესომ"-სგან გამოცემა „აგენტსტვომ“ შეიტყო. ეს მაჩვენებელი აღემატება მთელი ივნისის მონაცემებს, როდესაც სულ მცირე 27 ადამიანი დააკავეს.
ვითარების არსი: 2026 წლის ზაფხულის დასაწყისიდან დღემდე, პროექტმა ჯამში 64 ადამიანის დაკავების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომლებსაც კონტრაქტზე ხელის მოწერას აიძულებდნენ.
- ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ივან ჩუვილაევმა "აგენტსტვოსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ რეიდები "პრაქტიკულად ყველგან გახშირდა და შეტყობინებები ყველა მხრიდან მოდის". მისივე თქმით, გასულ წლებში მსგავსი ტენდენცია არ იყო.
- უფლებადამცველის თქმით მსგავსი რეიდები იყო ულიანოვსკის, პენზის, როსტოვის ოლქებში და უდმურტეთის რესპუბლიკაში.
ჩაშლილად: ივნისის შუა რიცხვებში პენზის ოლქში ჩატარებულმა რეიდებმა ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია. მაშინ ძალოვნები კაცებს ქუჩებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აჩერებდნენ, აჰყავდათ საწარმოებიდან და სახლებიდან, რის შემდეგაც პოლიციაში ან სამხედრო კომისარიატში გადაჰყავდათ და კონტრაქტის გაფორმებას აიძულებდნენ.
- დონის როსტოვში ამ ზაფხულის ყველაზე მასშტაბური რეიდი მოეწყო. 4 ივლისის ღამეს პოლიცია, როსგვარდია და სამხედრო პოლიცია საზოგადოებრივ სივრცე Inside-ში ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართულ რეიდს შეუერთდა. ოპერაციის დროს 35 მამაკაცი დააკავეს.
- უდმურტეთში ორი ასეთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი: 9 ივნისს, როგორც ადგილობრივი იჟევსკის 37 წლის მცხოვრები დააკავეს და გაწვევის პუნქტში გადაიყვანეს. მას იქ ცხვირი გაუტეხეს, ადგილზე მისულ მამას კი განუმარტეს, რომ შვილს უკრაინის ომში გასაგზავნად ამზადებდნენ. საბოლოოდ, დაკავებულმა ღობიდან გადახტომით გაქცევა მოახერხა.
- კიდევ ერთი შემთხვევა იმავე ქალაქში 8 ივლისს მოხდა. 58 წლის ინჟინერ-გეოფიზიკოსი ქუჩაში დააკავეს და სამხედრო კომისარიატში გადაიყვანეს, ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ ნათესავებმა მასთან კავშირი დაკარგეს, მისი ბედი ამ დრომდე უცნობია.
- "სამხედრო სამსახურზე შეგნებული უარის თქმის მოძრაობის" იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, არტემ კლიგამ "აგენტსტვოს" განუცხადა, რომ მათი ორგანიზაცია ყოველკვირეულად იღებს ცნობებს დაკავებებზე.
- დაკავებულებს ძალადობით ემუქრებიან, რათა კონტრაქტს ხელი მოაწერონ. "არ გამოვრიცხავთ, რომ პენზის ოლქის პრაქტიკა, რომელიც ფართოდ განიხილება, ბოლო 2-3 კვირაა ყველგან გამოიყენება". - აღნიშნა მან.
- ორგანიზაცია "წვევამდელის სკოლის" იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ტიმოფეი ვასკინმა დაუშვა, რომ საქმე შეიძლება ეხებოდეს არა იმდენად რეიდების გახშირებას, არამედ მომხდარის უფრო დიდ საზოგადოებრივ რეზონანსს. ექსპერტის თქმით, კონტრაქტის გაფორმების იძულების შემთხვევები 2024 წლიდან ფიქსირდება, თუმცა ადრე მსხვერპლები "უფრო მარგინალიზებული ჯგუფებიდან" იყვნენ, მათ შორის ალკოჰოლდამოკიდებული, მენტალური პრობლემების მქონე და უსახლკარო ადამიანები.
კონტექსტი: ცნობები რეიდების შესახებ რუსულ არმიაში კონტრაქტორთა მიღების ტემპის კლების ფონზე ვრცელდება.
- 2026 წლის პირველ კვარტალში ფედერალური გადასახადები 71 216-მა ახალმა კონტრაქტორმა მიიღო — რაც 20%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო სამი წლის განმავლობაში.
- ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ფრონტზე არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახადოს, მობილიზაციას მიმართოს.